2021 წლიდან დღემდე სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია 4 Hospitals-ის ბრუნვა და მოცულობა 250%-ით გაიზარდა - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ნინო გამყრელიძემ "საქმიანი დილას" ეთერში, 4 Hospitals-ის შედეგების შეჯამებისას ისაუბრა.
"2025 წელი "4 Hospitals“-ისთვის, რომ შევაჯამოთ და ციფრებში გამოვსახოთ, იყო მოცულობის 25%-იანი ზრდა. 2021 წლიდან კი, ანუ ბოლო 4 წლის განმავლობაში, კომპანიის ბრუნვა 250%-ით გაიზარდა და ეს ყველაფერი მიიღწეოდა ძალიან მდგრადი, დინამიკური განვითარებით. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ბაზარზე ნამდვილად ლიდერ პოზიციას და ამ თვალსაზრისით ეს წელი ნამდვილად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ პროდუქტების პორტფელი რამდენიმე მიმართულებით, მოთხოვნიდან, კომპანიის ზრდიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე. ეს ძალიან დიდი სფეროა, რამდენიმე დისციპლინას, დარგს მოიცავს და წლიდან წლამდე სულ ვცდილობთ, რომ სწორად შევისწავლოთ ბაზარი და აუცილებლად მოვარგოთ ამ სამედიცინო პოლიტიკასა და კლინიკების მოთხოვნას პროდუქტის და სერვისების ფასის და ხარისხის თვალსაზრისით. ამიტომ დიდ კვლევებს ვატარებთ ხოლმე საერთაშორისო ბაზარზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო კონფერენციებზე, გამოფენებზე დასწრებას და იქიდან სწორი პროდუქტების წამოღებას, რომელსაც ჩვენს ბაზარზე ვნერგავთ. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი გვქონდა, გავიზარდეთ და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზარზე ლიდერ პოზიციებში ვართ, სამედიცინო პროდუქტების ყველაზე ფართო პორტფელი გვაქვს, რომელიც 3000 უნიკალურ კოდს აერთიანებს. ეს გარკვეულწილად გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული, სასაწყობე მეურნეობის გაზრდა და გაფართოება მოგვიწია, რომელიც ზუსტად წინა წელს გავაკეთეთ და დღესდღეობით ჩვენი როგორც ცენტრალური, ასევე დამხმარე საწყობი 1700 კვადრატულ მეტრს ითვლის და მთლიანად გამართულია ლოგისტიკური ციკლით და საოპერაციო პროცესებით", - განაცხადა ნინო გამყრელიძემ.
4 Hospitals-ის დირექტორმა BMGTV-ის ეთერში სამედიცინო სექტორში გასული წლების ტენდენციებიც შეაფასა, ახალი ტექნოლოგიებისა და აპარატურის დანერგვისა და განვითარების კონტექსტში. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლიდან, DRG-ის სისტემის დანერგვის შემდეგ, ეს პროცესები შედარებით შენელებული იყო, თუმცა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულა.
"სამედიცინო კლინიკების უმეტესობა, მათი დაახლოებით 95%, კერძო კლინიკაა, რაც ბაზარზე გარკვეულ კონკურენციას განაპირობებს, ისევე როგორც კლინიკების მცდელობას, შესთავაზონ ახალი სერვისები თავიანთ პაციენტებს და მომხმარებლებს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა არის, კარგი დინამიკა გვაქვს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ტენდენციები უფრო შენელებული იყო, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი, ეს იყო 2023 წელს DRG სისტემის დანერგვა, რაც ტარიფების გათანაბრებას ნიშნავდა. კლინიკებს რაღაც პერიოდის განმავლობაში მოუწიათ ამ სისტემაზე გადაწყობა. შემდეგ კი, გასულ წელს, სახელმწიფომ დააწესა საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა მომსახურების ხარისხის გამოცდის ჩაბარებას. კლინიკებს ასევე დიდი ფინანსური რესურსების მოხმარება დასჭირდათ ამისთვის. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ისეთივე ინტენსიური განვითარების ტემპი ჰქონდა ამ სფეროს, თუმცა ეს პროცესები ნამდვილად არ შეფერხებულა", - განაცხადა ნინო გამყრელიძემ.
"საქმიანი დილას" ეთერში ნინო გამყრელიძემ კომპანიის 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა. დირექტორის თქმით, კომპანია უკვე თანამშრომლობს ორ ახალ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ოპერირებდნენ. 4Hospitals-ი წლის პირველ კვარტალში სწორედ მათ პროდუქტებს დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე.
კიდევ უფრო სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი 4Hospitals-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოს საზღვრებს გარეთ აპირებს გაფართოებას და მუშაობა უკვე დაწყებულია.




























