2020 წლის მაისის შემდეგ, პანდემიის შედეგად აშშ-ში სულ მცირე 4 მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მათი უმეტესობა დასაქმებული სარესტორნო და ე.წ. „კატერინგ“ სექტორში იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოშვების ცნობით, შემოსავალდაკარგული ადამიანების ნაწილმა სხვა პროფესიებში სცადა გადამზადება, თუმცა პანდემიის ფონზე ახალი სამსახურის ძიება მაინც პრობლემურია. უმუშევარი ადამიანების რაოდენობა კი აშშ-ის მთლიანი მოსახლეობის 37%-ზე მეტს შეადგენს. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა კიდევ უფრო შენელდა.
„უმუშევრები დღეს ყველაზე დაუცველები არიან და ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დამსაქმებლებს ეს ხალხი ე.წ. „დაწუნებული“ საქონელი ჰგონიათ,“ - აცხადებს უილიამ სპრიგსი, ჰოვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი და AFL-CIO–ს მთავარი ეკონომისტი.
გრძელვადიანი უმუშევრების მზარდი რაოდენობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობას, გამოასწოროს ქვეყნის უმუშევრობის დონე, ჯერჯერობით ვერ ამართლებს. საგულისხმოა, რომ ეს დონე დეკემბერში 6.7% იყო და აპრილის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.
ეკონომისტების პროგნოზით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ შრომის ბაზარზე მდგომარეობა არ დასტაბილურდება.
შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, აშშ-ში დღეს გრძელვადიანი სამუშაოს გარეშე მყოფთა ნახევარზე მეტი მოდის რამდენიმე ინდუსტრიიდან: დასვენების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი; განათლების და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჯანდაცვის სექტორი; საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი. ახალი თანამდებობის დასაკავებლად სირთულეებს აწყდებიან როგორც მაღალკვალიფიციური, ისე დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირები: მუშები, მენეჯმენტის რგოლი, ხოლო პროფესიონალებსა და გაყიდვების მუშაკებს გრძელვადიანი უმუშევრობის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე მომსახურების სექტორში დასაქმებულებს.
CNN-ის ცნობით, ფედერალური მონაცემების თანახმად, ბოლო 6 თვის განმავლობაში ფერადკანიან და აზიელ ამერიკელებში 40%-ზე მეტი უმუშევარია, 25-დან 44 წლამდე ასაკის უფრო მეტი ქალი დარჩა გრძელვადიანი სამსახურის გარეშე, ვიდრე კაცი, ხოლო 45-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჭრილში - პირიქით.

























