გეოლოგების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში, კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, გეოლოგების ჯგუფებმა 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი შეაფასეს. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
"აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის დნობის პროცესი, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.