2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით ღია ბანკინგის გამოყენება 9.3 მილიონს აღემატებოდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სებ-ის და კომერციული ბანკების ინიციატივით საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ღია ბანკინგის სერვისების ეტაპობრივი დანერგვა მიმდინარეობს, რაც საბანკო ფუნქციებში მესამე მხარეების, ინფორმაციის გაზიარების და სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვას გულისხმობს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ღია ბანკინგი სებ-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისთვისაც შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მომზადება და რეგულატორული ჩარჩოს მიღება მოხდა. ბოლო ერთ წელიწადში ღია ბანკინგის შედეგები ასეთი იყო:
- 915 ათასი+ ღია ბანკინგით ინიციირებული ტრანზაქციების რაოდენობა. ეს მაჩვენებელი მომხმარებელთა მხრიდან სწრაფი და უსაფრთხო გადახდის მეთოდებისადმი მზარდ ნდობაზე მიუთითებს და ადასტურებს, რომ ღია ბანკინგი ყოველდღიური ფინანსური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ყალიბდება.
- 5 ათასი+ მომხმარებელთა აქტივობა ანგარიშის ინფორმაციის, გადახდის ინიციირებისა და ციფრული ონბორდინგის სერვისებში. ეს მაჩვენებელი ადასტურებს სტაბილურ მოთხოვნას იმ ინოვაციურ გადაწყვეტებზე, რომლებიც მომხმარებელს საკუთარი ფინანსების უფრო ეფექტურად მართვისა და კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
- 9.3 მლნ+ ღია ბანკინგის სერვისების ჯამური გამოყენება. ეს მასშტაბი ადასტურებს, რომ სისტემა მყარ და საიმედო ფუნდამენტად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიური ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
"აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მხრიდან ღია ბანკინგის შესაძლებლობების მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ღია ბანკინგის ეკოსისტემა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებითა და ფინტექ კომპანიებით არ შემოიფარგლება - ის სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის ფართო ბიზნეს სექტორისთვისაც, მაგალითად საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის (E-commerce) მიმართულებით.
ღია ბანკინგში ჩართვა შეუძლიათ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტებს, ისე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მანამდე ეროვნული ბანკის ზედამხედველობას არ ექვემდებარებოდნენ. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საცალო და სხვა არასაფინანსო სექტორის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად განახორციელონ ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა (AIS) თუ გადახდის ინიციირების (PIS) მომსახურება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია პირდაპირ საკუთარ პლატფორმაზე დანერგოს თანამედროვე, სწრაფი გადახდის მეთოდები. ვინაიდან ღია ბანკინგით ინიციირებული ტრანზაქცია, თავისი არსით, წარმოადგენს ანგარიშიდან ანგარიშზე (Account-to-Account) გადახდას, ის საგრძნობლად ამცირებს ტრადიციული შუამავლების საჭიროებას. შესაბამისად, ბიზნესი სრულიად სარგებლობს ღია ეკოსისტემის უპირატესობებით - მცირდება საოპერაციო ხარჯები და იზრდება უსაფრთხოება,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























