მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ წელში საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა - საპენსიო სააგენტო 2023 წლის შედეგებს აჯამებს

საპ
23.12.23 20:45
960

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1,476,780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1,297,661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118,044 მონაწილე შემოუერთდა.

2023 წელს პენსიით ისარგებლა 3,535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6,929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20,811,344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13,264,294 ლარს მოიცავს.

ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში 107,644 კომპანიაა დარეგისტრირებული, 2023 წლის სტატისტიკით, კი სქემაში გაწევრიანებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12,650-ით გაიზარდა.

აქვე უნდა აღინოშნოს, რომ მიმდინარე წელს სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე GITI-2023-ზე გახდა გამარჯვებული „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტის“ ნომინაციაში.

საინვესტიციო საქმიანობის შედეგები კი ასე გამოიყურება:

 მხოლოდ 2023 წელს, საინვესტიციო ამონაგებმა 401 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, საპენსიო აქტივების ჯამური წმინდა ამონაგები 834 მილიონი ლარია.

 პროცენტულად, 5 წლის განმავლობაში, ნომინალურმა ამონაგებმა 57% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 13.3% იყო.

საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების დაწყებიდან მე-5 წელს, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის, წმინდა კონტრიბუციების მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია, ინვესტირების შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები კი 834 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია რომ, პორტფელების დივერსიფიკაციასთან ერთად გაიზარდა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგებიც და მხოლოდ 2023 წელს 401 მილიონი ლარი შეადგინა.

დაარსებიდან დღემდე, საპენსიო სააგენტოს ჯამურ აქტივებზე ნომინალური ამონაგები 57% -ია, რაც იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე 13.3%-ით მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის მონაცემების მიხედვით, საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ბოლო 3 წლის აკუმულირებული მონაცემებით (2020-2022), საპენსიო სააგენტოს ჯამურმა ნომინალურმა ამონაგებმა 33% შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნების რეიტინგის ლიდერია.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მსოფლიო დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელობს ოლივიერ რუსსო, რომელიც ასევე იკავებს საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.

2023 წლის აგვისტოდან საპენსიო სააგენტო 3 სხვადასხვა შემოსავლიანობისა და რისკიანობის მქონე პორტფელებს მართავს, ესენია კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. ჯამურად საპენსიო აქტივების 80% საქართველოში, საბანკო დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, ხოლო თითქმის 20% ანუ 823.8 მილიონი ლარი, გლობალური აქციების პორტფელშია ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტო აქციების პორტფელს ETF-ების ანუ გაცვლითი სავაჭრო ფონდების საშუალებით ფლობს. სააგენტოს აქციების პორტფელი დივერსიფიცირებულია, მისი 45% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 24% განვითარებული აზიის ქვეყნებში, ხოლო 18% ევროპაში.

2023 წელი აქციების ბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, შესაბამისად ბოლო თვეების საინვესტიციო ამონაგების მიხედვით პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი ლიდერობს, რომელშიც აქციების წილი ყველაზე მაღალია. აქვე აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში არსებული ETF-ების ამონაგები წლის დასაწყისიდან დღემდე საკმაოდ მაღალია.

კანონში შესული ცვლილებები შესაბამისად, 2024 წლის 3 იანვრიდან იმ მონაწილეების აქტივები, რომლებსაც 2023 წლის 7 სექტემბრამდე არ აურჩევიათ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, ავტომატურად გადანაწილდებიან კონსერვატიულ ანუ დაბალრისკიან პორტფელში.

3 იანვრიდან, აღნიშნულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი და შემდგომში ხელმეორედ არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები