საქართველოში სამშენებლო-სარემონტო მასალები გაძვირდა. როგორც იმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე, გაძვირებული ლოგისტიკა და მზარდი ტრანსპორტირების ხარჯები ადგილობრივ ბაზარზე უშუალოდ პროდუქციის ფასებზე უკვე აისახა.
როგორც კომპანია “გორგიაში” BMG-ის განუცხადეს, აშშ-ირანის ომის შედეგად შექმნილმა ენერგოკრიზისმა არაერთ ქვეყანაში ნედლეულოს წარმოება მკვეთრად შეამცირა და მთელი რიგი პროდუქცია გააძვირა, ამ ფაქტორებმა კი საქართველოს ბაზარზე ასახვა უკვე ჰპოვა.
კომპანიის დირექტორის, თორნიკე გურულის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვეა, რაც მათ ქსელში რიგ პროდუქციაზე ფასები 10%-ით გაიზარდა. გაძვირება ყველაზე მკვეთრად პლასტმასის და ბიტუმის შემცველობის სამშენებლო-სარემონტო მასალების პროდუქციას შეეხო.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ სამშენებლო მასალები ძვირდება. ამას რამდენიმე ფაქტორი იწვევს - ერთი არის მსოფლიოში არსებული მდგომარეობა, ნედლეულის ფასები. მაგალითად, ჩვენ დავაკვირდით შემდეგ ტენდენციას, რომ პლასტმასის მიმართულების წარმოებებს შეექმნათ დიდი პრობლემები, ასევე იმ მასალებში, რომელშიც ბიტუმი გამოიყენება. ასევე ძალიან მკვეთრად შეიცვალა ფასები ხის მასალებზე და ეს პროდუქტიც მშენებლობაში ერთ-ერთი გამოყენებადია. ჩვენ დავინახეთ, რომ ფასების ცვლილება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იყო სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ყველაზე მეტად გავრცელებულ მილებზე, რომელიც პლასტმასის სხვადასხვა ტიპის მონაცემს შეიცავს, ისევე როგორც ვნახეთ ფასების ცვლილება ისეთი ტიპის სამშენებლო მასალაზე, რომელშიც ბიტუმი ურევია”, - განაცხადა თორნიკე გურულმა.
მისივე თქმით, პროდუქციის გაძვირებაზე გავლენას ახდენს ასევე ტრანსპორტირების გაზრდილი ფასები, მათ შორის ჩინეთიდან გადაზიდვის ტარიფების გაორმაგება.
"მკვეთრად გაიზარდა ფასები თავად ტრანსპორტირებაზეც. დღეს დაახლოებით 7000 დოლარის ფარგლებშია ჩინეთიდან კონტეინერის წამოღების ტარიფი, როდესაც ეს დაახლოებით 3500 დოლარი ღირდა, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა ქართულ ბაზარზე. ასევე ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა მწარმოებლების მიმართულებით თურქეთში. ყველა პროდუქტი, რომელიც თურქეთთანაა კავშირში, ძვირდება ბოლო პერიოდში და ამ ტენდენციას ახლაც აგრძელებენ. რამდენიმე ფაქტორია აქ, მათ შორისა ინფლაცია, მუშა-ხელი, ისევე როგორც მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა. ასე რომ, სხვადასხვა ჯგუფებზე, იმ ჯგუფებზე, რომელიც პლასტმასთან არის კავშირში, რომელიც დიდი ტრანსპორტირების ხარჯებს მოიცავს, ასევე მოიცავს ბიტუმს და ხის მასალებს, ფასები დაახლოებით 10%-ის ფარგლებში გაიზარდა”, - განაცხადა თორნიკე გურულმა.




























