ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში. ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანისა და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
შესაბამისად, მან „ბოლო გაფრთხილება“ მისცა იმ ადამიანებს, რომლებსაც აღნიშნული კურორტების ინფრასტრუქტურულად და სხვა მიმართულებით მომზადება ევალება.
„ყველას გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი, რომ კურორტები არ იყოს მზად მიიღოს ეს ნაკადი. აქედან გამომდინარე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის უზრუნველყოფაში, ეს არის მათთვის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
ამასთან ერთად, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა საკურორტო ზონაში იყოს უფრო მოწესრიგებული. კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა და ამასთან ერთად რეაბლიტაცია ჩაუტარდება ურეკის ძველ ბულვარს, ახალი ბულვარისთვის კი დაიწყება სამშენებლო სამუშაოები“,- განაცხადა ბახტაძემ.