მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო ორ წელში პროდუქციის 15%-მდე გაძვირება მომიწია" - "ჰოუპაცი"

ჰოუპაცი

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდის „ჰოუპაცის“ დამფუძნებელი ანა ლაბაძე ამბობს, რომ ნედლეულის გაძვირების გამო კომპანიამ ბოლო ორ წელში პროდუქციის ფასების 15%-მდე გაზარდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბრენდი „ჰოუპაცი“ 2020 წელს შეიქმნა. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ანა ლაბაძემ სამსახური დატოვა, სადაც დიზაინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობდა და საკუთარი პროდუქციის შექმნა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე ბრენდის სახელოსნო ლაბაძის სახლშია მოწყობილი. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ადრე სახელოსნო ვერაზე მდებარეობდა, სადაც მომხმარებლებისთვის მასტერკლასებსაც ატარებდა.

ანა ლაბაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბიზნესის ყველა პროცესში თავად არის ჩართული - ნედლეულის შეძენიდან დაწყებული პროდუქციის შექმნასა და რეალიზაციამდე. ლაბაძის თქმით, ბრენდი იტალიურ და თურქულ ტყავს ადგილობრივი ბაზრიდან ყიდულობს, თუმცა სწორედ ნედლეულის ფასის ზრდამ განაპირობა ბოლო პერიოდში პროდუქციის გაძვირება.

„ბოლო ორ წელში, ფასები დაახლოებით 15%-ით გავზარდე. ეს პირდაპირ უკავშირდება ნედლეულის გაძვირებას. ტყავის ფასი მუდმივად იზრდება, ასევე გაძვირდა აქსესუარებიც. მაღალი ხარისხის დეტალებს ვყიდულობ, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზო, შესაბამისად, მისი ფასი ჩინურისგან განსხვავებით ძვირია“, – ამბობს ანა ლაბაძე.

ლაბაძის თქმით, პროდუქციის ფასი 210 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 500 ლარს აღწევს. კომპანია მუშაობს როგორც ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ისე საკუთარ კოლექციაზეც, საიდანაც მომხმარებელი სასურველ მოდელს არჩევს.

მისივე ინფორმაციით, ბრენდს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები ჰყავს და მათი წილი თითქმის თანაბრად – 50/50-ზე ნაწილდება: "უცხოელები ძირითადად ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან არიან, ასევე ემიგრანტებიც ყიდულობენ“.

სამომავლოდ ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავს. გარდა ამისა, 2026 წელს „ჰოუპაცი“ ქართული თემატიკის ჩანთების შექმნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები