ავიაკომპანია Georgian Airways განცხადებას ავრცელებს. კომპანია ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ბილეთების ფასები გაიზარდა. როგორც გაიაშვილის კომპანიაში განმარტავენ, ეკონომკლასის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, ხოლო ბიზნესკლასის ბილეთები 300 ლარი ისედაც არასოდეს ღირდა.
„ძვირფასო მგზავრებო, სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ-ავივი - თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
უახლოეს რეისებზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნესკლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.