2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.
როგორც ტურისტული კომპანია Travelfy-ის გაყიდვების მენეჯერი, მარიამ დგებუაძე BM.GE-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში, გაზრდილმა ჯავშნების რაოდენობამ ცხადყო, რომ პოსტპანდემიური პერიოდი დასრულდა.
მისი თქმით, ქვეყნებზე მოთხოვნა სეზონზეა დამოკიდებული, თუმცა მიმდინარე პერიოდში საოჯახო ტურებია გააქტიურებული, რომლებიც ლაპლანდიის მიმართულებით გეგმავენ დასვენებას, ამასთან გაიზარდა ჯავშნები Tomorrow land-ის ფესტივალის მიმართულებაც, რომელიც ალპებში იმართება.
გარდა ამისა, გააქტიურებულია თბილ ქვეყნებში დასვენებაც, მათ შორის ზანზიბარში, მალდივებზე და აზიის მიმართულება, ასევე დუბაიც.
“მომავალი წლის ჯავშნები უკვე დაწყებულია და მოლოდინია, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო გავაქტიურდებით. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მინიმალურადაა გაზრდილი, დაახლოებით 3-5%-ით.
რაც შეეხება, აეროპორტების განვითარებას, აღნიშნული ჩვენზე პირდაპირ აისახება, რადგან თბილისის აეროპორტების გადასახადები ძალიან მაღალია, ხოლო ქუთაისის აეროპორტების ღირებულება უფრო დაბალი. გადასახადების ფასები კი ავია ბილეთების ფასებზე პირდაპირ აისახება,“- აცხადებს დგებუაძე.
როგორც ტურისტული კომპანიის გაყიდვების მენეჯერი აღნიშნავს, სამომავლოდ ჯგუფური ტურების განვითარებას გეგმავენ, რაც ბოლო პერიოდში ჯგუფურ ტურებზე გაზრდილი მოთხოვნითაა გამოწვეული. ამასთან, კომპანია გლობალურ ბაზარზე გასვლას და შემომყვანი ტურიზმის განვითარებას გეგმავს, რომელზეც ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.