მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო პერიოდში ვერცხლზე ფასი გაორმაგდა" - რა ღირს ძვირფასი ლითონი თბილისის ოქროს ბირჟაზე?

ვერცხლი
სტატიაში საუბარია:

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, უნცია ოქროს ღირებულებამ 3,840 დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 45%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეში მატება 10%-ს აჭარბებს.

15-წლიან მაქსიმუმს უახლოვდება ვერცხლის ღირებულებაც. ბოლო ერთწლიან ჭრილში ვერცხლი 50%-ით არის გაძვირებული და ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე 46 დოლარად ივაჭრება.

საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები გადმოეცემა ქართულ ბაზარსაც. შესაბამისად, ოქროს ბირჟაზე ფასი გაიზარდა როგორც ოქროზე, ისე ვერცხლზე. ბოლო ერთ წელიწადში საერთაშორისო ბირჟაზე ვერცხლი 50%-ით გაძვირდა, მხოლოდ სექტემბერში კი ძვირფას ლითონზე ფასი 15%-ით არის გაზრდილი. თუ აქამდე 1 გრამ ვერცხლს თბილისის ოქროს ბირჟაზე 5-6 ლარის ფარგლებში იყიდდით, ახლა ფასი მინიმუმ გაორმაგებულია.

“განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა, რაც თითქმის ყოველდღე იცვლება ფასები, მანამდე უფრო სტაბილური იყო ეს ბაზარი. თუ 1 გრამი ვერცხლის ნაკეთობა ღირდა 4-დან 8 ლარამდე, ახლა მინიმალური 5-6 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის.

ფასებიდან გამომდინარე, ცოტა დაბნეულია მომხმარებელი, რადგან ასეთი უეცარი ცვლილება ძნელად აღსაქმელია მათთვის”, - აცხადებს ვერცხლის დილერი, მარიკა ადამია.

ძვირფასი ლითონების ბაზარზე მეოთხე კვარტალი წლის ყველაზე დატვირთული პერიოდია. საერთაშორისო ტენდენციებიდან გამომდინარე, ბიზნესი ამბობს, რომ ძვირფას ლითონებზე ფასის შემცირების წინაპირობა არ არსებობს, ანალიტიკოსები პირიქით, ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის ტენდენციის გაგრძელებას ელიან და არ გამორიცხავენ უნცია ოქროს ღირებულებამ 4000 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები