უზბეკეთიდან საქართველოში მოგზაურობაზე დაინტერესება მზარდია - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Check-in Travel-ის დამფუძნებელი აცხადებს.
როგორც ია გედევანიშვილმა BMG-ის განუცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ უზბეკეთიდან საქართველოში დაახლოებით 30 ათასი ტურისტი ჩამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, უზბეკეთი Top 15 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა. კერძოდ, რაოდენობამ 61 949 შეადგინა, რაც წლის ჭრილში თითქმის 23%-იანი ზრდაა.
ტურისტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უზბეკ ტურისტებს საქართველოში ძირითადად ზღვისპირეთი აინტერესებთ, თუმცა დაინტერესება მზარდია სხვა მიმართულებებითაც.
„ჩვენი კომპანია უზბეკეთის ბაზარზე 6 წელია მუშაობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში დაახლოებით 30 000 ტურისტი ჩამოვიყვანეთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა. ჩარტერული ფრენები ყოველდღე გვაქვს. მაისის თვიდან დაწყებული, სექტემბრის თვის ჩათვლით, ყოველდღიური ფრენები გვაქვს ბათუმში და თბილისში. ზოგჯერ ვამატებთ ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა.
ჩვენ ყოველწლიურად მზარდი ბაზარი გვაქვს. მიახლოებით 30%-იანი ზრდა გვაქვს ყოველ წელს. უზბეკეთის მხრიდან დაინტერესება ძირითადად შავი ზღვის მიმართულებებითაა. ჩვენ წელს პირველად გავყიდით უზბეკ ვიზიტორებზე ზამთრის კურორტებს და ვნახოთ, როგორი იქნება ამ მიმართულებით დაინტერესება“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Check-in Travel-ი ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელმაც გასულ კვირას უზბეკეთში, ტაშკენტში გაყიდვების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შესახებ ინფორმაცია გააცნო.




























