“არსის” დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მშენებლობას ძირითადად ამ სფეროში დასაქმებულთა ხელფასის ზრდა აძვირებს, რადგან მუშახელის დეფიციტის პირობებში ბიზნესს ხელფასის მატება მუდმივად უწევს. ასე აფასებს სამშენებლო კომპანიის დირექტორი ივლისში გაძვირებულ მშენებლობას. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 5.6%-ით გაიზარდა.
"ამ ეტაპზე, წლიურად ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის. 2022-2023 წლებში უფრო მაღალი ზრდა იყო. ჩვენს სექტორში ხელფასები მზარდია. ამას ორი ფაქტორი განაპირობებს: მშენებლობაც მზარდია და ვხედავთ გაცემულ ნებართვებს, მეორეა - დეფიციტური კადრები. დეფიციტური კადრების პირობებში რა თქმა უნდა, ხელფასი თითქმის ყოველწლიურად იზრდება. სამშენებლო მასალებზე კი ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა", - ამბობს ორთოიძე.
რაც შეეხება გასაყიდი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასს, "არსის" ხელმძღვანელი შემდეგ წლებში ფასის კლებას არ მოელის.
"ქირა არაბუნებრივად გაიზარდა 2022-2023 წლებში. მაგრამ ქირის შემთხვევაში რესურსი რომ ქვევით წამოსულიყო, თავიდანვე არსებობდა და ყველა ფიქრობდა, რომ რაღაც მომენტში დაკორექტირდებოდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, აქ თვითღირებულების ზრდა მოხდა. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ემიგრანტები შემოვიდნენ და მოთხოვნა გაიზარდა, რა თქმა უნდა, ფასები დაკორექტირდებოდა, მაგრამ ფასები გაიზარდა თვითღირებულების ზრდის გამო. შესაბამისად, თუ თვითღირებულება არ შემცირდება, ფასები ვერ შემცირდება. ამიტომ შენარჩუნდა ეს ფასები", - ამბობს "არსის" დირექტორი.
საქსტატის შეფასებით, ინდექსის წლიური ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 22.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 1.5%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.53 და 0.92 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25%-ით არის გაზრდილი.




























