მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო წლებში სტომატოლოგიური სერვისებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა" - თამარ გეგია

ორთოდონტია

"ნინო ბერიძის სტომატოლოგიური ცენტრის" დირექტორი, თამარ გეგია, "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, რომ სტომატოლოგიური სერვისებისადმი დამოკიდებულება ბოლო წლებში შეიცვალა და მზარდი ტენდენციით პრევენციული სტომატოლოგია გამოირჩევა.

"ბოლო წლებში სტომატოლოგიური სერვისებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. თუკი აქამდე ის დაკავშირებული იყო შიშებთან და, ხშირ შემთხვევაში, პაციენტი კლინიკას მაშინ მიმართავდა, როდესაც ტკივილი შეაწუხებდა, ბოლო წლებია ვცდილობთ, პაციენტებმა კლინიკას მომართონ მანამ, ვიდრე სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რათა ჩავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში", - აღნიშნავს თამარ გეგია.

სტომატოლოგიური კლინიკათა ქსელის დირექტორმა მომსახურების ფასთა დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად მაღალი დანახარჯებისა, ფასები მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება.

"ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ. თუ რამე ცვლილება საფასო პოლიტიკის მიმართულებით ხდება, ეს არის ძალიან ფრთხილი, ეტაპობრივი და, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო, რათა პაციენტს რაიმე დისკომფორტი არ შეექმნას.

ცხადია, როდესაც მაღალხარისხიან სერვისზე გვაქვს საუბარი, ეს თავისთავად გულისხმობს მაღალ დანახარჯებს კლინიკის მხრიდან, თუმცა მაინც ვახერხებთ ეს ყველაფერი ისე ვმართოთ, რომ პაციენტებისთვის სერიოზულ დისკომფორტთან არ იყოს პროცესები დაკავშირებული", - აღნიშნავს თამარ გეგია.

მან "საქმიანი დილას" ეთერში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, სტომატოლოგიის ქართული ბაზრის პოტენციალიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხარისხიანი, თუმცა ხელმისაწვდომი მომსახურების გამო, ტურისტები სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად ხშირად ჩამოდიან.

"ჩვენთან ფასები შედარებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ევროპულ და, მათ შორის, არაევროპულ ქვეყნებში, რაც უცხოელების მხრიდან ჩვენი კლინიკით დაინტერესებასაც განაპირობებს. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ უცხოელ პაციენტებზე ვართ ორიენტირებული, ჩვენი ძირითადი აქცენტი ჩვენი ლოკალური პაციენტები არიან.

ძალიან ბევრი საქართველოში მცხოვრები უცხოელიც მოგვმართავს, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში. ასევე, ქართველი ემიგრანტებიც ხშირად ბრუნდებიან საქართველოში სტომატოლოგიური სერვისების მისაღებად. ჩვენ ღია ვართ ტურისტებთან თანამშრომლობისთვის, თუმცა კლინიკის დატვირთვა ისედაც ძალიან მაღალია", - აცხადებს თამარ გეგია.

"ნინო ბერიძის სტომატოლოგიური ცენტრი" თბილისში 2010 წელს გაიხსნა და დღეს ორი სხვადასხვა კონცეფციის ფილიალითაა ბაზარზე წარმოდგენილი: ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია და "დენტალ ველნესი" და ესთეტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები