მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო თვეებში გარდაცვალების შემთხვევები იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც COVID-ტესტირება გვიან ჩაიტარეს - ცერცვაძე

631b9e0193bd1
BM.GE
10.09.22 00:06
826
თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტირება ჩაიტარონ. ცერცვაძეს აღნიშნული გაფრთხილების საფუძველს გარდაცვალების შემთხვევების მიზეზი აძლევს, რადგან მისი თქმით, ბოლო თვეებში გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდებოდა იმ პაციენტებში, რომლებმაც COVID-ზე ტესტირება გვიან ჩაიტარეს.

"მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს - ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს.

საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად არ ხდება ან ძალიან იშვიათად ხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს ლეტალური გამოსავალი.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ლეტალური გამოსავლების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებით. ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.

ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ გაიგზავნოს COVID კლინიკაში. მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით", - წერს ცერცვაძე "ფეისბუქში"

რაც შეეხება საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაციას, მისი თქმით, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით სტაბილური რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები