მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლომდე დავიცავთ ქართულ საზოგადოებას, თავისუფალ სიტყვას, სამართლიანობას" - სტრატეგიული სამართლიანობის იურისტი

ხათუნა კვინცხაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის სტრატეგიული სამართლიანობის იურისტი, ხათუნა კვინცხაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ საუბრობს იმ საერთაშორისო მაგალითებსა და შედეგებზე, რომელიც „რუსული კანონის“ ამოქმედება იწვევს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილებით, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლებს თავიანთი ქვეყნის დატოვება მოუწიათ, რათა თავიანთი საქმიანობისა და თავისუფალი სიტყვის გამო ჯარიმები ან თავისუფლების აღკვეთის რისკები თავიდან აერიდებინათ.

„ჩინეთში სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაზე ვიმყოფები. აქ არიან აქტივისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ისინი საუბრობენ იმ უმძიმეს შედეგებზე, რასაც ამ კანონის ამოქმედება იწვევს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის. ისინი იძულებული გახდნენ საკუთარი დამოუკიდებლობის გამო ქვეყანა დაეტოვებინათ. სხვა შემთხვევაში მათ თავიანთი საქმიანობის, თავიანთი სიტყვის გამო უდიდესი ჯარიმების ან თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშ ცხოვრება მოუწევდათ.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავისუფალი სიტყვის დაცვისთვისა და ჩვენი გამოხატვის უფლების დასაცავად საერთაშორისო სასამართლოებთან აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, უკვე თანამშრომლობა გვაქვს მთელ სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც იცით, 600-ზე მეტი ორგანიზაცია შემოგვიერთდა, რომელიც ეწინააღმდეგება „რუსული კანონის“ ამოქმედებას. შესაბამისად, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ქართული სამოქალაქო საზოგადოების, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამასთან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, რომლის წევრიც არის საქართველო.

დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება ირღვევა. ეს კანონი არის სრულიად შეუსაბამო ევროპულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. არა მხოლოდ ევროპულთან, არამედ გაეროს კონვენციებთან, რომელთა წევრიც არის საქართველო და რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეასრულებს ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, როდესაც კობახიძე, ან მისი კოლეგები საუბრობენ იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული და რომ ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს არის ტყუილი და დეზინფორმაცია.

ამას ადასტურებს ასევე ვენეციის კომისიის, ეუთო ოდირის დასკვნები, რომლებმაც ყველა ნაწილში ყველა მუხლში გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ ეს კანონი არა მხოლოდ უნდა შეიცვალოს, არამედ იმდენად შეუსაბამოა ადამიანების უფლებათა სტანდარტებთან, რომ უნდა გაუქმდეს“,-აცხადებს კვინცხაძე.

სტრატეგიული სამართლიანობის იურისტი ეთერში აღნიშნავს, დაბალი მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის ღირსეულ ფუნქციას შეასრულებს, წარსული საქმიანობიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე. თუმცა, მაინც შანსს აძლევენ, რომ კონსტიტუციისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე უარი არ თქვან, რათა საქართველოს ისტორიაში მათი სახელები შავ ლაქად არ ჩაიწეროს.

„ჩვენ რა თქმა უნდა დაბალი მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის ღირსეულ ფუნქციას შეასრულებს, წარსული საქმიანობიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე. თუმცა, მაინც ვაძლევთ ამ შანსს სასამართლოს და მოსამართლეებს, რომ არათუ კონსტიტუციის დაცვაზე, არამედ სუვერენიტეტის დაცვაზე უარი არ თქვან და ეს შანსი გამოიყენონ, რათა საქართველოს ისტორიის ამ ფურცელზე, შავ ლაქად არ დარჩეს მათი სახელი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც უკვე მათმა საქმეებმა დაადასტურა, ისინი ბოლომდე აპირებენ ეს რუსული კანონი აღასრულონ და კანონის ამოქმედებამდეც კი გადავიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე, მუქარაზე სამოქალაქო სექტორის მიმართ და საერთოდ არ სჭირდებათ მათ კანონი. უკანონო საქციელს, დაშინებასა და მუქარას მოაქცევენ საკანონმდებლო ჩარჩოში.

უახლოეს მომავალში, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ ამ კანონის მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები“, - განმარტავს იურისტი.

მისივე თქმით, სანქციები ძირითადად ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლის ინსტიტუტია, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ აღმოჩნდა საკმარისი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სანქციების რეალურობაზე მინიშნება.

„რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიტოვებდით იმედს, რომ საქართველოში არ ყოფილიყო ისეთი მომენტი, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება იძულებული გახდებოდა თავისი თავის გადასარჩენად ბენეფიციარებისთვის ყურადღება მოეკლოთ და მთელი რესურსები და მობილიზება საკუთარის გადარჩენაზე მიემართათ. ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ საქმიანობის შეწყვეტას. ბოლომდე დავიცავთ ქართულ საზოგადოებას, თავისუფალ სიტყვას, სამართლიანობას და საბედნიეროდ საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტები შესაძლებლობას გვაძლევს, მანამ, სანამ საქართველო არის მათი წევრი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“,- ამბობს ხათუნა კვინცხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები