მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt Food-ი გაფიცულ კურიერებს პასუხობს - 3 პუნქტი

605b73d065ce6
თამთა ჯიჯავაძე
24.03.21 21:13
1375
Bolt Food-ი თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, პარტნიორი კურიერების გარკვეულმა ნაწილმა უკმაყოფილება Bolt Food-თან არსებული საპარტნიორო პირობების შესახებ გამოთქვა. თუმცა, კომპანიის განმარტებით, პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ისინი ემსახურებიან მომხმარებლებს Bolt Food-ის მიერ დაწესებული პირობებით.

„Bolt Food-ში, გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის წარმატება ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზე, პარტნიორი რესტორნებისა და პარტნიორი კურიერების წარმატებაზეა დამოკიდებული. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადამიანებს, რომლებიც საკვების შეკვეთისას Bolt Food-ს ირჩევენ, საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ. ამასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია, პარტნიორების ყოველდღიურ საქმიანობაში გამორჩეული მხარდაჭერით უზრუნველყოფა.

პარტნიორი კურიერებისთვის, გარანტირებული მინიმალური ანაზღაურება ყოველი შეკვეთის შესრულებისას, 50%-ით აღემატება ბაზარზე არსებულ სხვა მიტანის სერვისების პირობას. Bolt Food-ის პარტნიორ კურიერებს, უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ დახმარება მხარდაჭერის გუნდისგან, რომლის მთავარი მიზანიც, სწორედ ჩვენი მომხმარებლებისთვისა და პარტნიორი კურიერებისთვის პროცესების გამარტივება და შექმნილი ხარვეზების აღმოფხვრაა.

ბოლო დღეების მანძილზე, პარტნიორი კურიერების გარკვეულმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა Bolt Food-თან არსებული საპარტნიორო პირობების შესახებ. მედიაში გავრცელებულ კომენტარებზე პასუხად, გვსურს, დავაფიქსიროთ შემდეგი:

- პარტნიორი კურიერები დასაქმებულნი არ არიან შრომითი ხელშეკრულებით; პარტნიორი კურიერები მუშაობენ საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ისინი ემსახურებიან მომხმარებლებს Bolt Food-ის მიერ დაწესებული პირობებით;
- პარტნიორ კურიერებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, როდის სურთ, ან სურთ თუ არა, იმუშაონ Bolt Food-ის პლატფორმაზე;
- ცვლილებები პარტნიორი კურიერების ანაზღაურების სისტემაზე რეგულირდება საპარტნიორო ხელშეკრულებით;

ამასთან ერთად, იგივე ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებმაც ხელი შეუშალა ჩვენი სერვისის და სხვა პარტნიორი კურიერების სამუშაო პროცესს. პასუხად, მათი ანგარიშები დაბლოკილი იქნა პლატფორმიდან. ნებისმიერი სახის ორგანიზებულ მცდელობას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს Bolt Food-ის, ან პარტნიორი რესტორნების ბიზნესოპერაციები, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება კომპანიის მხრიდან.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ Bolt Food-ის სერვისის ღერძი ჩვენი პარტნიორი კურიერები არიან. სწორედ ამიტომ, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ბაზარზე მათ საუკეთესო მხარდაჭერა და ანაზღაურების პირობები შევთავაზოთ“, - აღნიშნულია Bolt-ის ოფიციალურ კომენტარში.

ცნობისთვის, Bolt-ის კურიერები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ტარიფებისა და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვდნენ. როგორც კურიერებმა განაცხადეს, მათ თავიანთი მოთხოვნებით ესტონეთში კომპანიის სათაო ოფისსაც მიმართეს. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ Bolt Food-მა კურიერებს, რომლებიც გუშინ გაიფიცნენ, აპლიკაცია დაუბლოკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები