მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt-ი მომხმარებლის ინფორმირებას ქართულ ენაზე მკაფიოდ არ ახდენს - კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადასტურა

Bolt

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის“(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა.

უწყების მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარღვევა სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების მკაფიობა იყო.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებელია შპს „სმარტლი“, რომელსაც, 1 თვის ვადაში, დაევალა თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს, ანუ ინფორმაცია სრულად განათავსოს მშობლიურ, ქართულ ენაზეც.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებლებს, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის მოვაჭრის ვინაობის (სახელწოდების) და მისამართის შესახებ, საქონლის ან მომსახურების შესახებ არსებითი ინფორმაცია, კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაცია და ა.შ აღნიშნულ შემთხვევაში, მოვაჭრის (შპს „სმარტლი“ – Bolt-ის წარმომადგენელი საქართველოში), ვებგვერდისა https://bolt.eu/ka-ge/legal/ და აპლიკაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული არსებითი ინფორმაცია არ მიეწოდება.

კერძოდ: „წესების და პირობების“ სათაურების უმეტესობა შედგენილია უცხო ენაზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, სათაურის ბმულზე გადასვლისას, შინაარსი მოცემულია ასევე უცხო ენაზე. გამომდინარე აქედან, ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს, არ აქვს შესაძლებლობა სრულად გაეცნოს მოვაჭრის წესებსა და პირობებს სახელმწიფო ენაზე და მოკლებულია შესაძლებლობას, მარტივად და ეფექტურად მოძებნოს ქვეთავებში მოცემული მისთვის საინტერესო პასუხები/წესები და პირობები. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ვებგვერდზე არ არის მოცემული ინფორმაცია Bolt-ის საქართველოში წარმომადგენლის და მისი დავალებით მოქმედი კომპანიის - შპს „სმარტლის“ შესახებ, რაც საქართველოში Bolt-ის აპლიკაციის მომხმარებლებს გაუმარტივებდა მათთან კომუნიკაციას.

მოვაჭრე არც კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს, კერძოდ იმას, თუ რა უფლება წარმოეშობა მომხმარებელს, თუკი მოვაჭრე მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის მომსახურებას არ გაუწევს მათ.

მოვაჭრე მომხმარებლებს ასევე არ აწვდის ინფორმაციას ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების, ვადისა და წესის შესახებ, ასევე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესავსები ფორმის შესახებ ინფორმაციას. ამდენად, მოვაჭრე არ ახდენს მომხმარებლის სათანადო ინფორმირებულობას.
შესაბამისად, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს რაციონალურად, გააზრებულად და რაც ყველაზე მთავარია, საკმარისი და ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე", - წერია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები