მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOMO - ახალი E-commerce პლატფორმა მშენებლობა - რემონტის სფეროში

სამშენებლო მასალები

სულ ერთი დღეა, რაც სამშენებლო სექტორში ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა BOMO ამოქმედდა, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო, სარემონტო და საოჯახო კეთილმოწყობის მასალებს სთავაზობს.

ახალი ელექტრონული გაყიდვების პლატფორმის შექმნის იდეა მინერალური რესურსების სფეროში გასულ წელს დაფუძნებულ კომპანია GMP-ის ეკუთვნის. „მწარმოებლიდან მომხმარებლამდე“ კონცეფციით შექმნილი E-commerce პლატფორმის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

“იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩვენმა კომპანიამ კარიერის დამუშავების ბიზნესში შესვლა გადაწყვიტა, მაშინ ჩვენი პროდუქციის რეალიზების ონლაინ პლატფორმაზე ვფიქრობდით.

დავიწყეთ პორტალის განვითარება და პროცესში საქმემ გვიკარნახა, რომ ის არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა მწარმოებლებისთვის უნდა შექმნილიყო, სადაც ბიზნესმოდელის მიხედვით პლატფორმა მომხმარებელს უშუალოდ მწარმოებელს დააკავშირებდა. ეს არის საკმაოდ საინტერესო ლოგიკის, ნიშური პროდუქტების ელექტრონული კომერციის პორტალი, რომელიც როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მომხმარებელსაც სჭირდება“, - აღნიშნავს მაია ზავრაშვილი.

6 მარტს ამოქმედებულ ვებგვერდ BOMO-ზე მომხმარებელს 10 სხვადასხვა კატეგორიაში სამშენებლო, სარემონტო, ინტერიერის და ექსტერიერის მასალების, მათ შორის ქართველი მწარმოებლების ექსკლუზიური პროდუქციის ონლაინ ყიდვა შეეძლება. რისთვისაც bomo.ge დღეისთვის 18-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებელთან, იმპორტიორთა და ბრენდის მფლობელთან თანამშრომლობს.

ზავრაშვილი განმარტავს, რომ „მწარმოებლიდან მომხმარებლამდე“ გაყიდვების სრულყოფილი ხაზის გამართვა ლოგისტიკის ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაციას იძლევა, რაც BOMO-ს საშუალებას აძლევს მომხმარებელს შესთავაზოს კარგი ფასი და მრავალფეროვანი პროდუქციის არჩევანი. მაია ზავრაშვილი Bomo-ს მუშაობის სპეციფიკას გვიყვება:

კარგი არჩევანის და ფასის მისაღებად, ჩვენ გავაციფრულეთ ათეულობით კარიერი, საწარმო, საწყობი და მაღაზია. ბომოს ვენდორები არიან წინასწარ ვერიფიცირებული ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები, ბრენდის მფლობელები. ვიწყებთ ნიშური პროდუქტებით - ყველაფერი მშენებლობა/რემონტის, ეზოს და სახლის კეთილმოწყობისთვის. “მწარმოებლიდან მომხმარებლამდე" პრინციპით, ბომოზე შეძენილ მასალებს მომხმარებელი უშუალოდ მწარმოებლიდან ან ბრენდის მფლობელიდან სამშენებლო/სარემონტო ობიექტზე ან სახლში. სრულად გამართული მიწოდების ჯაჭვი გვაქვს, მომხმარებლისთვის კომფორტული იქნება უფასო მიწოდების სერვისით სარგებლობაც, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

ინტერესი მაღალია ვენდორებისგან, ამ ეტაპისთვის ჩვენი ვენდორები არიან ისეთი საქმიანი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, როგორცაა "ზოდი", "დიო", "ნოვა", "მიდეა", Adelsan და სხვები. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი მწარმოებელი პლატფორმაზე ვერ დაემატა, მათ ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რომელიც გვაქვს პროდუქციის ხარისხის, მარაგების ქონის და ტექნიკური თვალსაზრისით“, - განმარტავს მაია ზავრაშვილი და იმასაც დასძენს, რომ BOMO-ზე სამშენებლო მასალების კატეგორიაში ძირითადად ქართული წარმოების პოპულარიზებას შეუწყობენ ხელს.

მაია ზავრაშვილი პლატფორმის გეოგრაფიულ მოცვაზე ამახვილებს ყურადღებას - „გეოგრაფიულად არ გვინდა ძალიან ცენტრალიზებულები ვიყოთ. თუ სხვადასხვა რეგიონში არსებობს მცირე საწარმოები, კარიერები ან გადამმუშავებელი ქარხნები, ვეცდებით მათი ქსელის გაფართოებას და მათთვის ახალ სამომხმარებლო აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობის შექმნას, ცხადია, თუ ისინი უზრუნველყოფენ შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოებას“.

BOMO-ს შექმნის და განვითარების პირველი ფაზისთვის მოზიდული კაპიტალი ძირითადად პარტნიორების შენატანია. დღეს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს, წლის ბოლომდე განვითარების პარალელურად დაგეგმილია 20-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები