ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა და ქალაქებს - ბოროდიანკასა და ბუჩას ეწვია. ამასთან, ჯონსონი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. ზელენსკიმ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავად ჯონსონმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიწვევით უკრაინაში ვიზიტი პრივილეგიაა.
„უკრაინელი ხალხის ტანჯვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვებაა”, - განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, ჯონსონის ვიზიტი არაოფიციალური იყო, როგორც მისი პრესსამსახური აცხადებს, ექსპრემიერი თავად ზელენსკიმ მიიწვია.
ბრიტანული მედია წერს, რომ კრიტიკოსები ჯონსონის ამ ნაბიჯს, ბრიტანეთის მოქმედი პრემიერის, რიში სუნაკის საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებული უფლებამოსილებისთვის ძირის გამოთხრას უწოდებენ.