ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.
განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს - სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება.

























