მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბორჯომი-ლიკანი ყაზახებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ"

5b3f60d15fd30
მაია ბიწაძე
06.07.18 16:28
814
"სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანი" ყაზახი ინვესტორებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ, ვიდრე მისი თვითღირებულება იყო" - ამის შესახებ "ანალიტიკის“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იყო ფონდისთვის საკმაოდ კარაგი გარიგება, რადგან რეალურად იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს ინვესტორს, ვიდრე მან ამ სასტუმროს მშენებლობა-განვითარებაში ჩადო.

"ჩვენ მიწის ღირებულებაშიც კი ჩავუთვალეთ ის თანხა, რაც თავიდან ჰქონდათ მათ გადახდილი" - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ის თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს სასტუმროს მენეჯმენტს, წლის ბოლოს გაირკვევა.

"დროებით ამ სასტუმროს ქართული მენეჯმენტ-კომპანია მართავს. უკვე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის მიზნით, რაშიც რვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამჟამად აქედან სამი კომპანიაა დარჩენილი, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ესენია: "ინტერკონტინენტალი“, "მერიოტი“ და "სვისოტელი“. ჩვენ მათ მოვთხოვეთ კონკრეტული პირობების წარმოდგენა შემოდგომაზე და წლის ბოლომდე, მათ შორის ერთ-ერთს შევარჩევთ“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდმა ყაზახი ინვესტორებისგან სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" წილი ოფიციალურად 21 ივნისს გამოისყიდა, რის შემდეგაც სასტუმროს 100% აქციების მფლობელი გახდა. მანამდე შპს "კმგ-სერვის საქართველო" და "საპარტნიორო ფონდი“ "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" აქციების 50-50%-ს ფლობდნენ. შპს "კმგ-სერვის საქართველოს" 100%-იან წილს კი თავის მხრივ, ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისი“ ფლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები