საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება დროებით აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ გადაადგილების შეზღუდვა რამდენიმე დღის განმავლობაში იმოქმედებს.
"უხვი ნალექის გამო, მიმდინარეობს ინტენსიური ქვათაცვენა. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. კლდე ძალიან ძველია, შესაბამისად უხვი ნალექის დროს ასეთი "ფორსმაჟორული" სიტუაცია ბუნებრივია.
ამჟამად, უკვე ჩართულია უსაფრთხოების ჩვენი სამსახური. პრევენციის მიზნით, დავკეტეთ ტერიტორია და უსაფრთხოების სამსახურის მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დილით აღმოვაჩინეთ, რომ ინტენსიური ქვათაცვენა იყო დაწყებული. რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორია გადაკეტილი იქნება",- აცხადებენ ადმინისტრაციაში.