"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი თემურ ჭყონია საქართველოში პლასტიკის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ახალი ინდუსტრიის შექმნაზე მუშაობს. როგორც BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, პროექტი საბოლოო დეტალების დამუშავების ეტაპზეა, ახლა სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო და შესაძლებელია, რომ პლასტიკის ნარჩენის ქარხანა რამდენიმე თვეში ამოქმედდეს.
"დეტალებს ვამუშავებ და კადრებს ვეძებ. მივაგენი რამდენიმე ადამიანს, რომელიც კარგად ერკვევა ამ გადამუშავებაში შემადგენლობასა და დახარისხებაში. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული შეგროვებაზე და არა გადაგდებაზე. ისეთ თემას შევთავაზებთ, რომ ბოთლის გადაგდება დაენანება ადამიანს და გაუფრთხილდება. ძალიან სწრაფად გავაკეთებთ და საუკეთესო ხარისხი იქნება", - განაცხადა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, პროექტი ეფუძნება იმ მოდელებს, რომლებიც უკვე აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა საქართველოში მათი გაუმჯობესებული ვერსიის დანერგვა იგეგმება. მისი განმარტებით, პლასტიკის ბოთლები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სრულად არ არის აკრძალული და მთავარი აქცენტი სწორედ შეგროვებასა და გადამუშავებაზე კეთდება. თემურ ჭყონიას განმარტებით, სწორედ ეს მიდგომა უნდა იყოს საქართველოშიც. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, პროექტზე გერმანიის განვითარების ბანკთანაც ჰქონდათ საუბარი.
"ბოლო რამდენიმე კვირაა ინტენსიურ კონსულტაციებს გავდივართ, სად გამოიყენება, რა ქარხნებია, არც ისე ძვირია სხვათა შორის, არის ევროპული, ჩინური ქარხნები... არის მეორადი გამოყენება, სოფლის მეურნეობაში გამოყენება და ა.შ. ამისგან უშველებელი მრეწველობის შექმნა შეიძლება. ჩვენ შევქმენით არაალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია, ახლა უნდა შევქმნათ გადამუშავების ახალი ინდუსტრია. თურმე საქართველოში გადამუშავებული ნარჩენი შემოგვაქვს და აწი, ჩვენ გადავამუშაოთ და გავყიდოთ ან გამოვიყენოთ.
უცხოელ სპეციალისტებთან გვაქვს კონსულტაცია. სხვათა შორის სერიოზულ თანხებზეა საუბარი. გერმანიის განვითარების ბანკს ველაპარაკეთ უკვე, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. პირველ რიგში, უნდა დაზუსტდეს [ნარჩენის] რაოდენობა და შემდეგ უკვე ინვესტიცია. რაოდენობიდან გამომდინარე სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ინვესტიციას გავაკეთებთ. ძალიან საინტერესო პროექტი იქნება, მოსახლეობისთვის შემოსავლიანი. მთელ საქართველოს ჩავრთავთ შეგროვების თემაში. ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე აკრძალვა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისი თქმით, პროექტი ქვეყნის მასშტაბით ყველანაირი პლასტიკის ნარჩენების შეგროვებას გულისხმობს და ინიციატივა მხოლოდ პლასტიკის ბოთლებს არ შეეხება. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ნარჩენებს, მათ შორის ქიმიური პროდუქციის შეფუთვებსაც, როგორიცაა შამპუნის და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებების ბოთლები.
"აქ მხოლოდ საუბარი არ უნდა იყოს უალკოჰოლო სასმელებზე. აქ საუბარია ქიმიურ პროდუქციაზეც. შემოდის ვთქვათ, შამპუნები… წამლები... ეს პროცესია - ერთი რაღაც მოვაცილოთ და მეორე დავტოვოთ, ასე არ არის… ჩვენ მასშტაბურად უნდა გავასუფთაოთ საქართველო იმ ნარჩენებისგან, რასაც მსოფლიო აკეთებს. ამას სჭირდება ჭკუა, სახსრები, ტექნოლოგიები და მონდომება", - განაცხადა ბიზნესმენმა.
როგორც თემურ ჭყონია ამბობს, ბევრმა ქვეყანამ სხვადასხვა რეგულაცია სცადა, თუმცა რეალური შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღეს, როდესაც ინდუსტრიული გადამუშავების სისტემა შეიქმნა.
"აკრძალვას შედეგი არ ექნება. ვისთანაც კონსულტაცია გავიარე, ყველა ქვეყანამ რაღაც პერიოდში ბევრი რამ დანერგა, მაგრამ სანამ არ მივიდნენ ინდუსტრიულ გადამუშავებამდე, შედეგი ჰქონდათ ძალიან უმნიშვნელო. ეს თემა რომ დაიძრა, მე პირიქით მოტივაცია მომცა დიდი, ვიდრე პესიმიზმში ჩავვარდი. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, აკრძალვის საწინააღმდეგო სარგებლობა რომ დაიდება სასწორზე, მიხვდებიან, რომ ეს ბევრად ჯობია", - განმარტა მან და დასძინა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება.
"როცა სახელმწიფოსთან დავდებთ გრძელვადიან შეთანხმებას - და დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია, ვინაიდან საინტერესო პროექტს შევთავაზებთ - ძალიან სწრაფად, 2-3 თვეში ერთ ქარხანას გავაკეთებთ. შემდეგ უკვე დრო სჭირდება შემდეგ შეკვეთებს. რაოდენობას გააჩნია, შეიძლება 3-4 ქარხანა დავძრათ. სახელმწიფოს გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. ხშირ შემთხვევაში ბიზნესინიციატივა თუ სახელმწიფოს მიერ არ არის მხარდაჭერილი, ბევრი ბიუროკრატიის გადალახვა გვჭირდება", - დასძინა მან.




























