"Bp საქართველოს" დირექტორის ენ დევისის შეფასებით, საქართველოში გარკვეული ეკონომიკური გამოწვევები არსებობს, ამიტომაც ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ენ დევისმა ჟურნალისტებს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ღონისძიებაზე განუცხადა, სადაც ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო განიხილეს.
"bp-ის საქართველოში დიდი ისტორია აქვს. ჩვენ აქ უკვე 24 წელია ვართ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და ამ პროცესში ჩვენ ვთანამშრომლობდით როგორც ხელისუფლებასთან, ასევე საზოგადოებასთან და ბიზნეს წრეებთან.
ყოველთვის შეიძლება იყოს გამოწვევები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პოლიტიკურ თუ მაკროეკეონომიკურ მდგომარეობასთან ქვეყანაში. უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა გარემო ქვეყანაში იყოს ბიზნესისთვის ხელისშემწყობი და მათ ზრდის შესაძლებლობა მისცეს, რადგანაც როცა ბიზნესი ვითარდება და იზრდება, მოქალაქეებსაც მეტი შესაძლებლობა ეძლევათ განვითარებისთვის", – აღნიშნა მან.