BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში BP ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო და საქართველოში ჩადებული FDI-ის მოცულობით, ტოპ ინვესტორთა ათეულშიც შედიოდა.
bm.ge-იმ BP-ის მიმართა კითხვით, თუ რა პროექტი განახორციელეს მათ 2018 წელს. კომპანიაში ამბობენ, რომ 2018 წლის განმავლობაში 62 კილომეტრის სიგრძის ახალი მილსადენი გაიყვანეს და 2018 წლის 30 ივნისს სამხრეთ კავკასიური მილსადენის მეორე ხაზით თურქეთს პირველი ბუნებრივი აირი უკვე მიაწოდეს.
"2014-2018 წლებში მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოებისათვის საჭირო მშენებლობის სამუშაოები და ამჟამად პროექტი საქართველოში დასასრულს უახლოვდება. პირველი გაზი საქართველოს გავლით თურქეთმა 2018 წლის 30 ივნისს მიიღო. აშენდა 2 ახალი საკომპრესორო სადგური გარდაბანში და წალკაში და ერთი საზომი სადგური ახალციხეში. ასევე, 62კმ ახალი მილსადენი ჩაიდო. პროექტის ღირებულებამ 2 მილიარდ ამერიკულ დოლარ გადააჭარბა. მშენებლობის პიკზე პროექტზე დასაქმებული იყო 4500 საქართველოს მოქალაქე.
კომპანია უკვე 22 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოში და ნავთობის და გაზის პროექტების პარტნიორების სახელით 3 სტრატეგიული მილსადენის ოპერატორია. ამ ხნის მანძილზე განვითარდა ბიზნეს გარემოც. აქცენტი ახალი ინფრასტუქტურის განვითარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდება, რაც ადამიანურ რესურსებთან ერთად ხელსაყრელ ვითარებას ქმნის ბიზნესისთვის,"- ნათქვამია კომპანიის გწერილობით პასუხში.
საქართველოს ტოპ 10 ინვესტორს შორის ასევე მოხვდნენ შემდეგი კომპანიები - (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული)
სს თელასი;
BP Group;
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
შპს მაგთიკომი;
სს ენერგო-პრო ჯორჯია;
სს RMG Copper;
შპს ჯორჯიან მანგანეზი;
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი (კომპანიის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია);
სს ნენსკრა ჰიდრო;
შპს ატლანტიკ საქართველო.
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია, ხოლო წლის პირველ ცხრა თვეში ინვესტიციები $998 მილიონს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.
საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.