საქართველოსთვის BP იყო და დღესაც არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო,- ამის შესახებ BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი bm.ge-სთან აცხადებს.
მისი თქმით, ასე თუ ისე, კომპანია საქართველოს ყველა ხელისუფლებასთან წარმატებით თანამშრომლობდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გამოწვევებიც, რის წინაშეც კომპანია ხელისუფლების ცვლილების გამო არაერთხელ დამდგარა.
„თუმცა, საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებდა, რომ ჩვენს პროექტებს ორმხრივი სარგებელი მოჰქონდა. საქართველოსთვის BP იყო და დღესაც არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო. რასაკვირველია, ხელისუფლების ცვილებას თან ახლა რისკები და ეს რისკები იყო გარკვეული დისკომფორტი კომპანიისთვის, თუმცა, საბოლოოდ, მე მაინც კმაყოფილი ვარ იმ თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ შორის იყო და არის და კომპანია აგრძელებს ინვესტირებას საქართველოში.
მაგალითად ბაკურიანსა და ბორჯომში ჩვენი მილსადენების დამონტაჟებისას იყო გარკვეული წინააღმდეგობა და სკეპტიციზმი, როგორც მოსახლეობის, ისე ხელისუფლების მხრიდან, არ იყო ნდობა ჩვენ მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება არ იყო სწორად გარკვეული იმაში, რასაც ჩვენ ვაპირებდით გაგვეკეთებინა ამ რეგიონებში, არადა ჩვენი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ზოგადად საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ამ პროექტებით გარემოზე ზემოქმედების კუთხითაც ნეგატიური შედეგები არ დადგებოდა. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ პასუხისმგებლობას რომელიც გვაკისრია. მე 4 წელია რაც საქართველოში ვარ, თუმცა, მანამდეც ბაქო-სუფსის პროექტმა აჩვენა, რომ მთელი 18-19 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა შემთხვევა რომ რაიმე სახით ჩვენს პროექტს უარყოფითი გავლენა ჰქონოდა გარემოზე და უსაფრთხოების ნორმებიც ყოველთვის მაღალ დონეზე იყო დაცული“,- აცხადებს კრის შულტერი.

























