„ბრალს ვინც მდებს და ვინც გადაწყვიტა, რომ დავარღვიე კანონი, ვიდეოფაილებში ვერ მიპოვა“ - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ელენე ჯღარკავა ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
ე.წ. „ტროტუარის საქმეზე“ ბრალდებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები გრძელდება, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
რას ედავება შსს ელენე ჯღარკავას?
შსს-ს ბრალდება ეყრდნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რაც გულისხმობს ტროტუარზე ხალხის ნაკადის განზრახ შეფერხებას. ეს მუხლი სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი, რომელიც პროევროპული, მშვიდობიანი პროტესტის აქტიური მონაწილეა, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
„არ ვცნობ თავს სამართალდამრღვევად. საკუთარი თავისთვის პირობა მაქვს მიცემული, მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები იქნებიან ციხეში... ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, მშვიდობიანად გამოვხატო საკუთარი მოსაზრება და გავაპროტესტო იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე... მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით არცერთი სამართალდარღვევა ჩადენილი არ მაქვს, [საავტომობილო] გზის სავალი ნაწილიც არ გადამიკეტავს, არ დამირღვევია შესაბამისი კანონი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ამოცანა და მიზანი ამ პროტესტში არის ის, რომ მშვიდობიანი და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით გავაპროტესტო“, - განაცხადა ელენე ჯღარკავამ 26 იანვარს, თავის სასამართლო სხდომაზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა შედგა, მაგრამ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილების გამოცხადება 11 თებერვლისთვის გადადო.
სასამართლო პროცესის „აბსურდული“ ქრონიკა
ელენე ჯღარკავას თქმით, მის წინააღმდეგ პროცესი თავიდანვე დარღვევებით დაიწყო. მას სასამართლოდან სხდომამდე 24 საათით ადრე დაურეკეს, ისე, რომ საქმის მასალები ნანახიც არ ჰქონდა.
მთავარი პრობლემა კი ვიდეომტკიცებულებები აღმოჩნდა, რაზედაც ელენე ჯღარკავამ „წერტილთან“ ინტერვიუშიც ისაუბრა.
სასამართლოს პირველი სხდომა: მასალებში მითითებული იყო ექვსი ვიდეოწყარო, თუმცა თავად ფაილები თან არ ახლდა.
სასამართლოს მეორე სხდომა: შსს-ს მიერ წარმოდგენილ CD დისკებზე ჩანაწერები არ ემთხვეოდა ერთმანეთს (დაცვის მხარისა და მოსამართლის დისკებზე სხვადასხვა მასალა იყო).
სასამართლოს მესამე სხდომა: გაირკვა, რომ ვიდეოებში, რომლებიც შსს-მ მტკიცებულებად მოიტანა, თავად ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ელენე ჯღარკავას იდენტიფიცირება.
„ბრალს ვინც მდებს... ამ ადამიანმა ვერ მიპოვა ამ ვიდეოფაილებში. ვერ შეძლო მიეთითებინა მოსამართლისთვის, რომელი ვარ. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ როცა მიპოვიდა, დაინახავდა, რომ მე იქ არავის ვუშლი ხელს. ყველა ძალიან კარგად გადაადგილდება და არავის არ ვუქმნი განზრახ დაბრკოლებას“, - აცხადებს ელენე ჯღარკავა.
ვიდეომტკიცებულებების არარსებობა და დროში აცდენა
„წერტილთან“ ინტერვიუში ე.წ. „ტროტუარის საქმეზე“ საუბრისას, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ვიდეოკადრებში, სადაც პოლიცია მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, ის საერთოდ არ იმყოფება ადგილზე.
„ჩვენ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ მაშინ, როდესაც ამას აცხადებს საპატრულო პოლიცია, იმ დროს არ ვარ მისული რუსთაველის გამზირზე; შსს-ს წარმომადგენელი ცდილობდა, ჩემი რუსთაველზე მისვლის დრო რაღაცნაირად არასწორად ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთით ადრე ყველამ ერთად ვუყურეთ კადრებს“, - ამბობს ბრალდებული.
პატიმრობა თუ სიტყვიერი გაფრთხილება? - ელენე ჯღარკავას მოლოდინი
მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, ელენე ჯღარკავას პატიმრობას ვერ შეუფარდებენ, რადგან მას 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს, თუმცა რესპონდენტი ამბობს, რომ დღევანდელ რეალობაში არაფერია გამორიცხული:
„სასამართლოს პირველ სხდომაზე როცა მივდიოდი, დაახლოებით, ოთხი დღისთვის იზოლატორისთვის გავამზადე ნივთები, მეორეზეც... მესამე სხდომისთვის კი აღარ გავამზადე არცერთი ნივთი, ერთი დღისაც კი... არა იმიტომ, რომ იზოლატორში გადაყვანას არ ველოდები, უბრალოდ, მივხვდი - მათი ამოცანა ალბათ სწორედ ის არის, რომ რაღაცნაირად დათრგუნულები ვიყოთ, დავისტრესოთ და იმაზე გვეფიქრებოდეს, თუ წამიყვანენ იზოლატორში, რა მოხდება ბავშვებთან და ა.შ. რა თქმა უნდა, არ მეშინია, უბრალოდ, ემოციური მომენტი მაინც არის“, - ამბობს ელენე ჯღარკავა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს მიაჩნია, რომ სხვადასხვა რეპრესიული კანონი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა მიღებული, მიანიშნებს ხელისუფლებაში უწყვეტი პროტესტის მიმართ შიშზე.
„ამდენი აბსურდული კანონის მიუხედავად, პატიმრობების მიუხედავად, ადამიანები მაინც გამოდიან ქუჩაში და უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ეს არ უნდა [ხელისუფლებას]“, - აცხადებს ელენე ჯღარკავა.




























