ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი ელისო კილაძე იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს. მისი თქმით, არ იცნობს ოთარ ფარცხალაძეს.
„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.
ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).
ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა - ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, - აღნიშნულია ელისო კილაძის წერილში, რომელსაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე და მისი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქაძეს ბრალი პირადად გაეცნო.
ამავე საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე, რომლებმაც, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლეს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ედავებიან, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს პატიმრობისა და გირაოს გამოყენების შუამდგომლობებით.




























