მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილიამ ამერიკული ტარიფებით დაზარალებულ კომპანიებისთვის $1.9 მილიარდიანი ფონდი შექმნა

საკრედიტო ფონდი
BM. GE
26.08.25 10:56
3167

ბრაზილიის განვითარების სახელმწიფო ბანკმა ამერიკული ტარიფებით დაზარალებული კომპანიებისთვის $1.9 მილიარდიანი საკრედიტო ფონდი შექმნა. დაფინანსების მიღება ნებისმიერი ზომის ბრაზილიურ ფირმას შეეძლება. აღებული კრედიტი კი მათ ან ქვეყნის შიგნით საქმიანობის უხარვეზოდ გაგრძელებისთვის, ან ახალი ბაზრების ათვისებისთვის უნდა გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ ახალი საკრედიტო ფონდი ლულას მთავრობის მიერ დაანონსებული “სუვერენული ბრაზილიის” $6-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია და მიზნად მძიმე ტარიფების ფონზე ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას ისახავს.

საკრედიტო ფონდის გარდა ლულას გეგმა მოიცავს კომპანიებისთვის გადასახადების ჩამოწერას, საგადასახადო შეღავათებს, გაუქმებული შეკვეთებით მიღებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეღავათის შეთავაზებას, განსაკუთრებით კი ისეთ პროდუქტებზე, რომლებსაც შტატების სატარიფო პოლიტიკა ეხება.

ცნობისთვის, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ბრაზილიას ამერიკამ არაერთი ტარიფი დაუწესა. აგვისტოს მონაცემებით, ბრაზილიური პროდუქციის უდიდეს ნაწილზე 50%-იანი ტარიფი ვრცელდება. დამატებითი ტარიფების დაწესების შემდეგ კი ალუმინსა და სპილენძს ჯამურად 100%-იანი ტარიფი შეეხო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები