ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-მა ამაზონის მდინარისა და ატლანტის ოკეანის გადაკვეთის არეალში ნავთობის საძიებო სამუშაოების დაწყებაზე თანხმობა მიიღო. საუბარია ამაპას სანაპიროს სიახლოვეს მდებარე პერიმეტრზე, რომელიც, Petrobras-ის ექსპერტების შეფასებით, ნავთობის იმდენივე რეზერვს ფლობს, რამდენსაც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა გაიანა.
საძიებო სამუშაოების დაწყების ლიცენზია Petrobras-მა გარემოს დაცვის სახელმწიფო რეგულატორისაგან მიიღო და ის 5-თვიან პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, ნავთობკომპანიამ მომავალი წლის მეორე ნახევრამდე უნდა დაამტკიცოს ამაპას ზონაში ნავთობის საბადოების არსებობა.
რეგულატორის თანხმობას და Petrobras-ის მიერ საძიებო სამუშაოების დაწყებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ბრაზილიაში. გარემოს დამცველი ორგანიზაციები ქვეყნის ხელისუფლებას კლიმატის დაცვის კუთხით გაჟღერებულ დაპირებებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ლულა დე სილვას მთავრობამ დაპირებას უღალატა. ისინი შიშობენ, რომ მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შემდეგ ამაპას სანაპირო ზოლი დაბინძურდება და საფრთხე შეექმნება ენდემურ ფლორასა და ფაუნას.
რაც შეეხებათ გადაწყვეტილების მომხრეებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის გაზრდა უნდა იყოს, რადგან ეს ბრაზილიაში არსებული სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრას ხელს შეუწყობს.




























