მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრძოლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ - როგორ ეხმარება ჯანმო საქართველოს?

კანდელაკი

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) — გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რომელიც ანტიბიოტიკების, სოკოების, ვირუსების, მალარიისა და ბევრი ტროპიკული დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობას ამცირებს. ანტიმიკრობული საშუალებების არასწორი და გადაჭარბებული გამოყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში არის წამლისადმი მდგრადი პათოგენების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობით პირდაპირ გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 1.27 მილიონს შეადგენდა, ხოლო არაპირდაპირ, ამ პრობლემასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები 4.95 მილიონს აღწევდა. არსებული პროგნოზებით, ამ რიცხვმა 2050 წლისთვის შესაძლოა, 10 მილიონს გადააჭარბოს.

AMR-ის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს კოორდინირებულ ძალისხმევას მედიცინის, ვეტერინარიისა, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სექტორებს შორის. როგორც BMGTV-ის ტელეგადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის, გადამდები დაავადებების, გარემოსა&ჯანმრთელობის განყოფილების ტექნიკურმა ოფიცერმა ქეთევან კანდელაკმა განაცხადა, WHO-აქვს მიღებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ ქვეყნები და მათ შორის საქართველო.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2015 წელს მიიღო გლობალური სამოქმედო გეგმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, მისმა წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს. ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, თუ როგორ შეიძლება, რომ მსოფლიო მასშტაბით ქვეყნებმა იხელმძღვანელონ და რა შეიძლება დანერგონ ამ გამოწვევის წინააღმდეგ. ძირითადი მიზანი არის, რომ შემცირდეს ანტიმიკრობული პრეპარატების არარაციონალური გამოყენება და ხელი შევუწყოთ ინფექციური დაავადებების ეფექტურ მკურნალობას და პრევენციას.

ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობაზე არის ის, რომ არ გვაქვს ბევრი ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც იქმნება და რომელიც შეიძლება, რომ სამედიცინო ბაზარზე გამოჩნდეს. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, როდესაც შეიძლება, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართვით მოხდეს მოდელირება და ახალი ანტიბიოტიკების წარმოება.

ასევე ერთ-ერთი წამყვანი ქმედება არის, რომ სახელმწიფოებმა დანერგონ თავიანთი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის სისტემები და ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით გააძლიერონ, ამასთან, ადრეული შეტყობინებების სისტემები დანერგონ და გააძლიერონ.

რაც შეეხება სტრატეგიებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონმა 2023 წელს კომიტეტზე 2023-2030 წლებისთვის ახალი გზამკვლევი მიიღო, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებს, სწორედ მათი დანერგვით ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლაა შესაძლებელი”, - ამბობს ქეთევან კანდელაკი.

რაც შეეხება ამ კუთხით საქართველოსთან WHO-ს თანაშრომლობას, ქეთევან კანდელაკის თქმით, ჯანმოს მხარდაჭერით ბევრი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური. მისივე თქმით, 2015 წლიდან ჯანმოს ეგიდით ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კვირეულიც იმართება.

“ყოველ წელს 18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის ცნობიერების ამაღლების კვირეული ტარდება და ეს ჯანმოს მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში. გარდა ამისა, ხდება სამედიცინო პერსონალის დატრენინგება, ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების პოპულარიზაცია და ვაქცინაციის წახალისება, რადგან ვაქცინა არის მნიშვნელოვანი საშუალება ინფექციური დაავადების პრევენციისთვის. ამავე პერიოდში ჯანმოს მხარდაჭერით დაინერგა ანტიმიკრობული რეზისტენტობის დადასტურების პრინციპის პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის სისტემის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებში კი რეფერალური ლაბორატორიის ნომინაცია, მექანიზმების გაძლიერების ტექნიკური მხარდაჭერა და შესაბამისად კლინიკური გადაწყვეტილებების გაუმჯობესება მოხდა. ასევე ამ პროექტმა ხელი შეუწყო, საქართველო გაწევრიანებულიყო და ჩართულიყო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ევროპის და ცენტრალური აზიის ზედამხედველობის ქსელში", - აღნიშნა ქეთევან კანდელაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები