უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია CoStar-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროპის ჰორეკა სექტორს 2026 წელს 123,789 ახალი სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც გასულ წელს დამატებულ 56,043-ზე ორჯერ მეტია.
CoStar-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლონდონი (5,822) და სტამბოლი (3,017) 2026 წელს ახალი სასტუმრო ნომრების გახსნის ორი მთავარი ევროპული ბაზარი იქნება. რომელი წამყვანი ბრენდები გეგმავენ მიმდინარე წელს, ევროპაში გაფართოებას, Euronews-მა მათი TOP-ათეული შეადგინა. ესენია:
1.Six Senses London, დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
Six Senses London 1 მარტს გაიხსნება, მასში წარმოდგენილი იქნება ნომრებისა და ლუქსების ფართო არჩევანი, ბრენდირებული საცხოვრებელი და რესტორნები, ასევე ფლაგმანური ველნეს და სპა სივრცეები.
2. The Lake Como EDITION, იტალია, კომო
იტალიის კომოს ტბის მიმდებარედ მდიდრული სასტუმროების ნაკლებობა არ არის, თუმცა, მარტში მათ რიცხვს კიდევ ერთი სასტუმრო დაემატება. ისტორიული ქალაქის, ბელაჯიოს ხედებით, The Lake Como EDITION იქნება დასასვენებელი სტილის ადგილი რესტორნებითა და კერძო ტერასებით, ასევე მცურავი აუზით და კერძო ნავმისადგომით.
3. Mandarin Oriental Punta Negra, მალიორკა, ესპანეთი
სასტუმრო მალიორკაზე გაზაფხულზე გაიხსნება. სასტუმროების ჯგუფი Punta Negra ცნობილია თავისი შთამბეჭდავი სპათი და ორთქლის ოთახებით, ცივი აბაზანებითა და არომათერაპიის შხაპებით. ადგილზე შეთავაზებული იქნება მაღალი დონის რესტორნებიც.
4.Orient Express Palazzo Donà Giovannelli, იტალია, ვენეცია
სასტუმრო აპრილში გაიხსნება. იგი კანარეჯიოს ვენეციურ რაიონში მდებარეობს. სასტუმროში 47 ნომერი, ლუქსი და აპარტამენტია, ასევე დახვეწილი რესტორანი პირადი ნავით და ე.წ. Wagon Bar-ი.
5. Villa San Michele, A Belmond Hotel, იტალია, ფლორენცია
Villa San Michele 28 აპრილს გაიხსნება 18-თვიანი რესტავრაციის შემდეგ. აღნიშნული შენობა ფლორენციაში ცნობილია იტალიური რენესანსის ეპოქის არქიტექტურით. განახლებულ სასტუმროში 27 ლუქსი და 12 ოთახი იქნება. სასტუმროში გაიხსნება სპა-ცენტრიც. მომხმარებლებს კი იტალიური ბრენდ La DoubleJ-ის მიერ ორგანიზებულ ახალი გამოცდილების პროგრამას შესთავაზებენ, რომელიც მოიცავს მიქსოლოგიის (სასმელებისა და სხვადასხვა ინგრედიენტების შერევის ხელოვნება) საღამოებს, ხმოვან მკურნალობას და ხელოვნების საუბრებს.
6. Waldorf Astoria London – Admiralty Arch, დიდი ბრიტანეთი
სასტუმრო Waldorf Astoria London, რომელიც პირველი კატეგორიის ძეგლად აღიარებული Admiralty Arch-ის შიგნით იხსნება. მეფე ედუარდ VII-ის მიერ მისი გარდაცვლილი დედის, დედოფალ ვიქტორიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შენობა 2011 წლამდე სამთავრობო ოფისებად გამოიყენებოდა. იქ სასტუმროს გახსნა 2026 წელს იგეგმება, ჯერჯერობით მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ იგი 100 ნომერსა და ლუქსს მოიცავს და რომ ბუკინგემის სასახლის მოპირდაპირე მხარეს სახურავზე კაფე ექნება. ასევე დაგეგმილია ზღვის პროდუქტების რესტორნის გახსნა.
7. Nobu Hotel Madrid, ესპანეთი, მადრიდი
ესპანეთში ამერიკული სასტუმროების ქსელი Nobu-ს მეხუთე სასტუმრო მადრიდის გულში - კორტესის უბანში განთავსდება. 50-ნომრიანი სასტუმროს გახსნა 2026 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რომელიც სამსართულიან რესტორანსა და ბარს, ასევე სახურავზე ბარსა და ლაუნჯს შემოგთავაზებთ, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.
8. The Standard, პორტუგალია, ლისაბონი
Hyatt ჯგუფის ბრენდი The Standard-ი პორტუგალიის დედაქალაქში 2026 წელს გამოჩნდება. სასტუმრო, რომელიც ცნობილია თავისი მოდური, დიზაინზე ორიენტირებული სივრცეებითა და გამოცდილებით, ლისაბონის კულტურული ცენტრის, ალფამას ზემოთ, პალასიო სანტა კლარაში განთავსდება. სახურავის ტერასა, სპა და ბაღები სტუმრებს დასვენების საშუალებას მისცემს, ხოლო ხანგრძლივი ყოფნისთვის 24 აპარტამენტი იქნება ხელმისაწვდომი.
9. Hotel Raphaël, საფრანგეთი, პარიზი
მასშტაბური რემონტის შემდეგ, წელს ხელახლა გაიხსნება სასტუმრო „რაფაელი“, რომელიც ფრანგული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის დემონსტრირებას წარმოადგენს. 1925 წელს აშენებული ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტრიუმფალური თაღიდან და შანზ-ელიზედან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. სასტუმრო „რაფაელში“ ტიპურ პარიზულ დასვენებას უნდა ველოდოთ. გვირჩევენ, აუცილებლად ვეწვიოთ მის დამალულ საგანძურს, ულამაზეს სახურავს, საიდანაც სინათლის ქალაქის ხედი იშლება.
10. The Park Gstaad, A Four Seasons Hotel, შვეიცარია
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო The Park Gstaad-ი, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე, შვეიცარიაში Four Seasons-ის სახელით ხელახლა გაიხსნება. ზუსტი დეტალები ჯერ არ არის გამჟღავნებული, თუმცა სასტუმროების ჯგუფმა განაცხადა, რომ იქ 75 ნომერი და ლუქსი იქნება, ასევე რამდენიმე პენტჰაუსის ტიპის რეზიდენცია, რომელთა შეძენაც შესაძლებელი იქნება. სტუმრებს შეეძლებათ მდიდრებთან და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ცნობილ მთის კურორტზე ჩამოდიან სასტუმროს რესტორნებსა და ბარებში, დახურულ და ღია აუზებსა და ჩოგბურთის კორტზე. ასევე იგეგმება ზამთრის თვეებში ყინულის მოედნის გახსნა.




























