სპორტული ტანისამოსის და ინვენტარის ბრენდი Under Armour-ი თანამშრომელთა საათობრივ ანაზღაურებას აშშ-სა და კანადის მასშტაბით $15-მდე გაზრდის. ხელფასების ზრდა დაახლოებით 8,000-მდე თანამშრომელს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიის ახალი გადაწყვეტილება ძალაში 6 ივნისიდან შევა და ზოგიერთი თანამშრომლის ანაზღაურების შემთხვევაში მატება 50%-საც კი გაუტოლდება. ხელფასების ზრდა ძირითადად გამყიდველებს და დისტრიბუციაში დასაქმებულ პირებს შეეხებათ.
Under Armour-ის განცხადებით, კომპანია ამ ეტაპზე 3,000-მდე ახალ თანამშრომელს ეძებს, რომლებიც დასაქმების შემთხვევაში გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. როგორც Under Armour-ი აღნიშნავს, მათ გაზრდილი ანაზღაურებით კვალიფიციური მუშახელის მოზიდვა სურთ.
შეგახსენებთ, ხელფასების ზრდაზე ცოტა ხნის წინ Chipotle Mexican Grill-მა და McDonald’s-მაც განაცხადეს. ორივე კომპანია აანონსებს, რომ თანამშრომლების საათობრივი ანაზღაურება $15-ს გაუტოლდება.