თბილისში დაწყებული კარიერული გზა დღეს ნიუ იორკში გრძელდება — ქალაქში, სადაც ყოველ დღე ახალი ამბავი იწერება. ანა ღვინიაშვილი იმ ადამიანთაგანია, ვისაც შეუძლია ბიზნესს ხელოვნების სახე მისცეს. ბრენდ მენეჯერის, მარკეტერის, კომერციული დირექტორისა და ღონისძიებების მენეჯერის გამოცდილება მის პროფესიულ ისტორიას უნიკალურად ქმნის — ისტორიას, სადაც ემოციები, ესთეტიკა და სიზუსტე ერთ მთლიან ხედვად იქცევა.
– ანა, თქვენი პროფესიული გზა აერთიანებს ლუქს-ბრენდებს, დიზაინსა და სტუმართმოყვარეობას. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ყველაფერი თბილისში დაიწყო — ქალაქში, სადაც ტრადიცია და ამბიცია თანაარსებობს. განათლება ფინანსებში მივიღე, თუმცა სულ თან მდევდა განცდა, რომ ჩემი გზა უფრო შემოქმედებით სფეროში იყო. ციფრებმა წესრიგი მასწავლეს, ბრენდინგმა — შინაარსი. როდესაც Arttime-ში დავიწყე მუშაობა და ისეთი შვეიცარიული ბრენდებთან მუშაობა მომიწია, როგორებიცაა Swatch, Tissot, Balmain, Longines, TAG Heuer, Rado და სხვები, მივხვდი, რომ ბრენდი მხოლოდ პროდუქტი არ არის — ეს არის განცდა, სტილი და ემოცია, რომელიც ადამიანს დიდხანს მიყვება.
– რას ნიშნავს იყო ბრენდ მენეჯერი ასეთ გარემოში?
ბრენდმენეჯერი ივენთმენეჯერის მსგავსად ორკესტრის დირიჟორს ჰგავს — შესაძლოა თავად არ უკრავდე, მაგრამ ზუსტად იცი, როგორ უნდა ჟღერდეს საერთო ჰარმონია. ზოგადად ეს პროფესია თავის თავში მოიცავს ბრენდის იდენტობის გადატანას მომხმარებლის ყოველდღიურობაში. ყოველი გადაწყვეტილება — იქნება ეს დიზაინი, შეფუთვა, კომუნიკაცია, მომხმარებელთან პირველი შეხება, თუ ფილიალში ფიზიკური განთავსება — ერთიან ისტორიას ქმნის. როდესაც 2015 წელს "ართთაიმ კლუბი" დავაფუძნეთ, ერთ-ერთი პირველი ლოიალურობის პროგრამა საქართველოში, მიზანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გაყიდვების გაზრდა არ იყო; გვინდოდა მომხმარებლებისთვის ისეთი ემოციური სივრცე შეგვექმნა, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბრენდის ნაწილი გახდებოდნენ.
– მოგვიანებით თქვენ Regalia-ს კომერციული დირექტორი გახდით. რა შეიცვალა ამ როლში?
Regalia-მ მასწავლა ნულიდან დაწყებული პროექტის შვილივით გაზრდა. უფრო მეტად ჩამახედა რას ნიშნავდა მოძრაობის, მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის ბიზნესი. ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობ, როგორებიცაა Victorinox, Wenger, Piquadro, Titan და სხვა, ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას — როგორ აღიქვამს მომხმარებელი ამ ბრენდს და რას გრძნობს მასთან შეხებისას. კომერციული დირექტორის როლშიც ჩემთვის ემოცია სტრატეგიის შემუშავებისას უპირველეს ადგილზე რჩებოდა. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნა იქცა დღესასწაულად, სადაც დიზაინი, ემოცია და მოგზაურობის სული ერთიანად იღვიძებდა. ყოველი ახალი კოლექციისა თუ ბრენდის საზოგადოებისთვის გაცნობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
– დღეს, თქვენ Marriott International-ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ბრენდში — W New York – Union Square-ში მუშაობთ. რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის ბრენდის ნაწილი იყო?
W-ის სამყაროში ყოფნა უდიდესი გამოცდილებაა — ეს მხოლოდ სასტუმროს ბრენდი არ არის, ეს ენერგია და ცხოვრების სტილია. ყოველი დღე ახალი სცენარია, სადაც დიზაინი, მუსიკა და ემოციები ერთ მთლიან ისტორიად იქცევა. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვაა, სადაც კვლავ სხვადასხვა კომპანიების და ბრენდების ისტორიის გადმოცემა ერწყმის სასტუმროს დეტალებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ უმაღლესი დონის ღონისძიებას, რომელიც თითოეულ დამსწრეს დიდი ხანი ამახსოვრდება.
ჩემთვის განსაკუთრებული იყო The Premier Launch — განახლებული სასტუმროს პრეზენტაცია. ეს არ იყო უბრალოდ ღონისძიება; ეს იყო მომენტი, როდესაც W-ის თამამი და თავისუფალი სული თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. სწორედ მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილი სტუმართმოყვარეობა მომსახურება კი არა, ხელოვნება და ემოციაა, რომელიც დიდი ხანი მოგვყვება.
– თქვენი გამოცდილება მოიცავს ბრენდ მენეჯმენტს, კომერციასა და ღონისძიებების დიზაინს. რა აერთიანებს ამ სამ სფეროს?
ამ სამ სფეროს ერთი საერთო ელემენტი აქვს — ემოცია. იქნება ეს პროდუქტი, სივრცე თუ ღონისძიება, საბოლოოდ მთავარი ის არის, როგორი გრძნობა დარჩება ადამიანს შენს მიერ შექმნილი გამოცდილების შემდეგ. ყველაზე წარმატებული ბრენდები ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობენ — ისინი ჩუმად, მაგრამ გულწრფელად და პერსონალიზებულად გესაუბრებიან და სწორედ ამიტომ რჩებიან მეხსიერებაში, როგორც გამორჩეული და სასურველი სახელები.
ჩემთვის ბრენდინგი უბრალოდ პროფესია არ არის — ეს უფრო ქორეოგრაფიას ჰგავს. ეს არის იდეისა და შესრულების შერწყმა, განათების, მუსიკის და სწორი სურნელის შეხამება, სივრცე, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელობას იძენს. შედეგად აღარ ვიღებთ უბრალოდ პროდუქტს, არამედ მომხმარებლის ემოციურ კავშირს ჩვენს მიერ შექმნილ ბრენდთან.
– როგორ ფიქრობთ, რა თვისებები სჭირდება წარმატებულ ბრენდ მენეჯერს ან მარკეტერს?
წარმატებული ბრენდ მენეჯერი, უპირველესად, უნდა იყოს ცნობისმოყვარე, ემპათიური და გამბედავი. ეს პროფესია ადამიანებზეა — მათ ემოციებზე, სურვილებსა და რეაქციებზე. თუ ადამიანების გაგება არ შეგიძლია, ვერ შეძლებ ბრენდის გულწრფელად აღქმასაც და მით უმეტეს, მის სხვისთვის წარდგენას.
ბრენდ მენეჯერი უნდა იყოს კარგი მსმენელი და დამკვირვებელი, მზად მუდმივი სწავლის, განვითარებისთვის და ცვლილებებისთვის. მარკეტინგი ძალიან სწრაფად ცვალებადი სამყაროა, სადაც მხოლოდ თეორიული ცოდნა არ კმარა — საჭიროა ინტუიცია და საქმეში სულისა და გულის ჩადება. ჩემი აზრით, საუკეთესო მარკეტერები გამჭრიახი ანალიტიკოსების გარდა, ამბების მთხრობელებიც არიან, რომლებიც ბიზნესმიზნებს ადამიანურ ისტორიებად აქცევენ.

























