საკონდიტრო პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ „გაამოს“ სულ რამდენიმე დღეა თბილისში საკუთარი კაფე-მაღაზია გახსნა.
როგორც ბრენდის დამფუძნებელმა ნინო შოშიაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ახალი სივრცე საქართველოში პირველი ჯინჯერის ორცხობილების კაფე-მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს ტკბილეულის შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ.
მისი თქმით, კაფეში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის ორცხობილები, მოსახატი ბოქსები, ლოლიპოპები და თემატური პროდუქცია, რომელიც სეზონურად განახლდება. დამფუძნებლის თქმით, სივრცე განსაკუთრებით ბავშვებზეა ორიენტირებული, თუმცა კომპანიამ ბიზნესის მიმართულებაც განავითარა – პარტნიორი ორგანიზაციებისთვის შეკვეთით დამზადებული ორცხობილების ნიმუშები კოლექციის სახით იქნება გამოფენილი.
„სიმართლე რომ გითხრათ, თავიდანვე მინდოდა კაფეს გახსნა, მაგრამ ეს უფრო დიდ ფინანსებს მოითხოვდა. დავიწყე სახლიდან, შემდეგ გავხსენი მცირე საკონდიტრო სივრცე, რომელიც ონლაინ მუშაობდა და ახლა უკვე ფიზიკური კაფეც გვაქვს. ეს არის პირველი ადგილი, სადაც მომხმარებელი მთელი წლის განმავლობაში შეძლებს ჯინჯერის ორცხობილების და სხვა ტკბილეულის შეძენას“, – ამბობს შოშიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კაფე-მაღაზიაში 3 მაგიდაა განთავსებული და 10-მდე ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. თუმცა, მეწარმე გაზაფხულისთვის გეგმავს გარე სივრცის მოწყობასაც, რათა სტუმრების რაოდენობა გაიზარდოს.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, შოშიაშვილის ინფორმაციით, კაფე „აწარმოე საქართველოს“ 30 000-ლარიანი გრანტის, დამატებით კერძო ინვესტიციებისა და მეწარმე ქალებისთვის განკუთვნილი სესხის დახმარებით გაიხსნა. ჯამში, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენს.



























