მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიკორამა" წლიურად გაყიდვების 30-40%-იან შემცირებას პროგნოზირებს

5ebe45e3d204e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.05.20 12:11
2053
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, ყველა სექტორში მომუშავე კომპანიაზე და რა თქმა უნდა, "ბრიკორამაზეც" დიდი გავლენა მოახდინა. ეს გავლენა კი, აისახა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე", - ამის შესახებ BM.GE-ს სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ "ბრიკორამას" ფინანსურმა დირექტორმა კახაბერ სონიშვილმა განუცხადა.

ფინანსურმა დირექტორმა შეზღუდვებამდე და მათ შემდეგ კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე და ობიექტური გარემოებიდან დამდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა დაძლევას კომპანია ცდილობს.

"რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა იყო გაყიდვების ონლაინ სისტემის ამოქმედება, რაც შეიძლება მოკლე დროში და თავისთავად ცხადია, რომ არ ვიყავით ამისთვის მზად, არავინ მოელოდა მოვლენების ასე განვითარებას, თუმცა ძალიან სწრაფად, დაახლოებით სამ დღეში შევძელით ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა.

მოხდა ბიზნესის სტრუქტურისა და საოპერაციო მართვის შეცვლა. გარდა იმისა, რომ დისტანციურად უნდა გაგვეგრძელებინა საქმიანობა, ასევე, მნიშვნელოვანი იყო რომ უსაფრთხოდ გაგვეკეთებინა ეს საქმე და დაგვეცვა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა. შევძელით და მაქსიმალურად მცირე დროში უზრუნველვყავით, დაგვეცვა ყველა უსაფრთხოების ნორმა, რომელიც საჭირო იყო ონლაინ რეჟიმში გაყიდვების განსახორციელებლად", - განმარტავს კახაბერ სონიშვილი.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი აცხადებს, "ბრიკორამას" გაყიდვები 30-40%-მდე შემცირდება.

"რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა კომპანიის გაყიდვებზე. მიუხედავად იმისა, რომ "ბრიკორამა" იყო კომპანია, რომელმაც მოახერხა და სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტებს შორის, პირველი გადაეწყო ონლაინ გაყიდვების სისტემაზე, ამან რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო გაყიდვების ტემპის შენარჩუნებას. საბოლოოდ, მთლიანი წლის ჭრილში, ველოდებით, 30-დან 40%-მდე გაყიდვების შემცირებას", - ამბობს ის.

კახაბერ სონიშვილი ონლაინ გაყიდვების ამოქმედების შემდეგ მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვებით გამოწვეულ სირთულეებსაც ეხება და ამბობს, რომ კომპანია ყველა შეზღუდვას ემორჩილებოდა. გახსნის შემდეგ მომხმარებლის აქტიურობა გაიზარდა, თუმცა კომპანიის ფინანსური დირექტორი მიიჩნევს, რომ ამას არ ექნება მუდმივი სახე.

"შეზღუდვების გამკაცრება, რა თქმა უნდა, კომპანიის გაყიდვებისთვის იყო დამატებითი ბარიერი, მაგრამ კომპანია ასრულებდა ყველა იმ ვალდებულებასა და ინსტრუქციას, რაც იყო დამტკიცებული მთავრობის მიერ.

მაღაზიის გახსნის შემდეგ კი მომხმარებელთა მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა არავის უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამ პერიოდში გაყიდვების ნიშნული გაუთანაბრდება იმ რიცხვს, რაც იყო პანდემიამდე. ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით ათი დღის მანძილზე, მომხმარებელთა დიდი ნაკადი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ საწყის პერიოდში. შემდეგ კი, ეტაპობრივად დაიწყებს კლებას და როგორც ზევით აღვნიშნე, ეს ყველაფერი გამოიწვევს გაყიდვების 30-40%-ით შემცირებას", - განაცხადა "ბრიკორამას" ფინანსურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები