ბრილიანტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სიმდიდრის, სოციალური სტატუსისა და სიყვარულის უნივერსალურ სიმბოლოდ ითვლებოდა, თანამედროვე ეკონომიკურ და კულტურულ რეალობაში ღირებულებას კარგავს.
ბევრისთვის ეს ფაქტი მოულოდნელია: როგორ შეიძლება შემცირდეს იმ ნივთის ფასი, რომელსაც "მარადიული ღირებულების" სტატუსი აქვს? თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბრილიანტის ფასი გლობალურად საგრძნობლად დაეცა, ხოლო მოთხოვნა ამ ძვირფას ქვაზე მნიშვნელოვნად შემცირდა.
მკვეთრი ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი თაობის მომხმარებლები, კერძოდ, მილენიალები და Gen Z სულ უფრო ხშირად ირჩევენ არატრადიციულ ალტერნატივებს. მათი პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა: სამკაულები და სტატუსის დემონსტრაცია ახლა უკვე ადგილს უთმობს მოგზაურობას, გამოცდილებებს, ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც წარსულში ნიშნობის აუცილებელ სიმბოლოდ ითვლებოდა, დღეს ხშირად ლაბორატორიაში შექმნილი ქვებით ან საერთოდ სხვა ნივთებით ნაცვლდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროგრესის ზეგავლენა. ლაბორატორიულად წარმოებული ბრილიანტი ვიზუალურად და ქიმიურად იდენტურია ბუნებრივთან შედარებით, მაგრამ მისი ღირებულება გაცილებით დაბალია. მისი ხარისხი ზუსტად კონტროლდება, ხოლო წარმოების პროცესი შედარებით ეფექტური, ეთიკური და ეკოლოგიურად სუფთაა. შედეგად, ბაზარზე კონკურენცია მკვეთრად მძაფრდება. ამ დროს მომხმარებლების დიდ ნაწილს უჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ უნდა გადავიხადო ათჯერ მეტი ბუნებრივ ბრილიანტში, როდესაც ვიზუალური, ქიმიური და ფიზიკური განსხვავება ხელოვნურთან შედარებით არ არსებობს?
თანაც, ხელოვნური ალმასის წარმოება ყოველწლიურად უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება, რაც პროცესის დაჩქარებით, ტექნოლოგიური პროგრესით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება საიუველირო კომპანიების რაოდენობა, ხოლო კონკურენცია თითქმის ყოველთვის ხარისხის ზრდას და ფასის შემცირებას იწვევს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი ტენდენცია ასე გაგრძელდება, 5-წლიან პერიოდში ბრილიანტის ღირებულება თითქმის განახევრდება, რაც ჭარბი მიწოდებით იქნება განპირობებული.
ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი კრიტიკული ასპექტი — მრავალი ათწლეულის განმავლობაში, De Beers-ის მსგავსი კომპანიები აქტიურად აკონტროლებდნენ მიწოდებას და ხელოვნურად ქმნიდნენ დეფიციტს, რითაც მომხმარებლებს აჯერებდნენ, რომ ბრილიანტი იშვიათი და შეუცვლელი რესურსი იყო. მაგრამ თანამედროვე და ინფორმირებული მომხმარებლების ეპოქაში ეს სტრატეგია უკვე აღარ მუშაობს. ახლა ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეადარონ ფასები, იპოვონ ალტერნატივები და ობიექტურად შეაფასონ ბრილიანტის ნამდვილი ღირებულება.
ამგვარად, კითხვაზე რატომ ეცემა ბრილიანტის ფასი? — პასუხი მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული ეკონომიკური ტენდენცია, არამედ ეს კულტურული, ტექნოლოგიური და ინფორმაციული ცვლილებების ლოგიკური შედეგია.
ბრილიანტი შესაძლოა ისევ რჩებოდეს სტატუსის სიმბოლოდ, მაგრამ მისი ეკონომიკური ღირებულება და კულტურული გავლენა მომავალში რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ის ოდესღაც იყო. ფასების საკითხს რაც შეეხება, ბოლო 3 წლის განმავლობაში, პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Diamond Index-ის შეფასება თითქმის განახევრებულია და დიდი ალბათობით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ბრილიანტების სამარადჟამობის მითი სამუდამოდ დამსხვრეულია.
მიუხედავად ამისა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაღმასვლის დინამიკა დასტაბილურდება და ფასი გარკვეული წონასწორობის წერტილს იპოვის, რომლის შემდეგაც ხელოვნური ბრილიანტის წარმოება აღარ გაიზრდება, რადგან ეს ეკონომიკურად სარგებლის მომტანი აღარ იქნება. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, ბუნებრივ ბრილიანტზე მოთხოვნა და ფასი გარკვეულწილად გაიზრდება, რადგან კოლექციონერებისა და ენთუზიასტებისთვის ბუნებრიობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არასაკოლექციო ქვების ღირებულება ვერასოდეს დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელზედაც ბრილიანტი ოდესღაც იყო.




























