მსოფლიო ბაზარზე ბრილიანტის ფასები მკვეთრად ეცემა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ყველაზე დრამატული კლება ერთკარატიანი ბრილიანტების სეგმენტში შეინიშნება.
ნოემბერში, 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით, ბრილიანტის ფასები 22%-ით შემცირდა. 2024 წლის 10 თვეში კი კლება 23%-ია, რითაც დამუშავებული ალმასის ფასი, 2015 წლის იანვრის შემდეგ, რეკორდულ მინიმუმზეა.
ფასების ვარდნა შეეხო უფრო მომცრო ზომის ბრილიანტებსაც, რომლებიც, წლიურ ჭრილში 27%-ით, 2024 წლის 10 თვეში კი - 28%-ით გაიაფდა.
მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფას ქვაზე ფასები ეცემა, ჭარბი მიწოდებაა: ექსპერტების შეფასებით, დაუმუშავებელი ბრილიანტით ბაზარი ზედმეტადაა გაჯერებული.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა, და შესაბამისად ფასი, მცირდება, ახალი თაობების მხრიდან ბუნებრივი ქვებისადმი ინტერესის განელებაა. დღესდღეობით მილენიალები და Gen Z სამკაულის ალტერნატიულ, მდგრად ფორმას, მაგალითად, ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტს ანიჭებენ უპირატესობას.
ინდუსტრიის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებითა და ეკომეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა ნატურალური ალმასის იდენტური და, ამავე დროს, უფრო ბიუჯეტურია.