„თბილისი - ევროპის „ყველაზე ამაღელვებელი ქალაქი“ - როგორც იქნა, მსოფლიო რუკაზე დაბრუნდა“ - ასე ეხმიანება ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და მკითხველს თბილისში, ევროპის “ახალ ბერლინში” მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
“ათწლეულის განმავლობაში, მოგზაურთა საერთაშორისო მედია თბილისს “ევროპის ახალ ბერლინად”, “ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად” თუ “მოდის დედაქალაქად” მოიხსენიებდნენ. თუმცა კოვიდპანდემიის დროს პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, ბრიტანელ ტურისტებს ამ მიმართულების შარმის გამოცდა აღარ შეეძლოთ; საბედნიეროდ, ეს მალე შეიცვლება. ავიაკომპანია Air Iveria გეთვიკიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 13 მაისიდან იწყებს, რითაც მგზავრობის დროს 4 საათით შეამცირებს და თბილისს უქმე დღეებზე ვიზიტისათვის უფრო რეალისტურ პუნქტად აქცევს.
ავიაციის ანალიტიკოსი შონ მილტონი ლონდონში ფრენების აღდგენას საქართველოს დასავლეთთან დაახლოების მცდელობის ნაწილად ხედავს, გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის. საერთაშორისო გამოხმაურება კი ქართული კრეატიულობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი წყაროა. უცხოელი არტისტების, დიზაინერებისა და ანტრეპრენიორების დიდი ნაწილი შთაგონების საძებნელად სწორედ თბილისში მიდის”, - წერს The Telegraph.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული მოდის სივრცე პარიზსა და ლონდონსაც უწევს კონკურენციას და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის შესახებაც წერს, რომელსაც თბილისის მთავარ კულტურულ ღონისძიებად მოიხსენიებს. სტატიაში განხილულია გასული წლის მოდის კვირეული, რომელიც Vogue-მა “ქართული მოდის საზოგადოების საპროტესტო ტირილად” შეაფასა. ნახსენებია სხვადასხვა საერთაშორისო დიზაინერები და საგამოფენო სივრცეები, რომლებიც მოდის მოყვარულებს თუ არტისტებს საკუთარი ხელოვნების ნიმუშების გამოფენისთვის პლატფორმას უთმობს. სტატიაში შევხვდებით რეკომენდაციებს საკვები, გასართობი თუ ღამის გასათევი ადგილების შესახებაც.