მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერია" - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა?

დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია.

ქვეყნებს პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებთ. bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.

FDI

გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 392 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დიდი ბრიტანეთისთვის კი, ინვესტიციების მაქსიმუმი 2021 წელს დაფიქსირდა 605.7 მლნ აშშ დოლარი. 2023 წელს კი, 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 10.3%-ით შემცირდა.

2023 წელს განხორციელებული ინვესტირების ყველაზე დიდი მოცულობები შემდეგ დარგებში გადანაწილდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები, სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება, ტრანსპორტი...

ვაჭრობა

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 14.7%-ით გაიზარდა. 2023 წელს ვაჭრობამ 23.7 მლნ დოლარი შეადგინა, 2022 წელს კი, 20.2 მლნ.

23.7 მლნ აშშ დოლარიდან წელს ექსპორტის მოცულობა მხოლოდ 1.8 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი, 21.9 მლნ აშშ დოლარი.

რა ვიყიდეთ 2024 წელს. TOP-5 პროდუქტი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $4.3 მლნ;
  2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $2.7 მლნ;
  3. ეთილის სპირტი არადენატურირებული - $1.8 მლნ;
  4. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი (მეორეული) - $1.2 მლნ;
  5. ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $1.1 მლნ.

რა გავყიდეთ 2024 წელს. TOP-5 პროდუქტი:

  1. ფეროშენადნობები - $452.9 ათასი;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $255.2 ათასი;
  3. ძვირფასი ლითონების ნაკეთობები - $201.7 ათასი;
  4. ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - $200 ათასი;
  5. მანგანუმის ოქსიდები - $138.5 ათასი.

გასულ წელს, დიდ ბრიტანეთთან ბრუნვის მაქსიმუმი 159.6 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც მცირედით, თუმცა მაინც აღემატება წინა 2016 წლის რეკორდს, როცა ვაჭრობამ 159.05 მლნ შეადგინა.

2022 წელთან შედარებით კი, გასულ წელს ვაჭრობა 22.9%-ით გაიზარდა.

ტურიზმი

2023 წელს საქართველოს გაერთიანებული სამეფოს 30 732 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 43.6%-ით მეტია. ხოლო, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით შემცირება 18%-ია.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 3.23 მლნ აშშ დოლარი იყო.

გასულ, 2023 წელს კი, გადმორიცხულმა თანხამ 46.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები