მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი სატვირთო მანქანების მძღოლებისათვის დროებითი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს

615c3ba840794
ნათია თაქთაქიშვილი
05.10.21 22:40
1872
ბრიტანეთი სატვირთო მანქანების მძღოლებისათვის დროებითი სამუშაო ვიზების გაცემას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ 127 სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მიმართა ბრიტანეთს დროებითი სამუშაო ვიზის მისაღებად. ჯონსონის განმარტებით, ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზად არის დაჩქარებული წესით გასცეს დროებითი სამუშაო ვიზა დაახლოებით 300 უცხოელ სატვირთო ავტომობილის მძღოლზე, რომლებიც უშუალოდ საწვავის მიწოდებაზე იქნებიან ორიენტირებულები, ხოლო ქვეყანა ასევე დამატებით 4,700 ვიზის გაცემას განიხილავს საკვების მიმწოდებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისათვის.

აღსანიშნავია, რომ საწვავის ავტომობილზე მომუშავე პირების სამუშაო ვიზა ვალიდური მიმდინარე თვიდან მომავალი წლის მარტის ბოლომდე იქნება, საკვების მიმწოდებელი სატვირთოების მძღოლების სამუშაო ვიზის ხანგრძლივობა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოდან მომავალი წლის თებერვლით განისაზღვრა.

გამოცემა წერს, რომ დიდ ბრიტანეთს ამ ეტაპზე დაახლოებით 90,000 სატვირთო ავტომობილის მძღოლი ესაჭიროება, სამუშაო ძალის ნაკლებობა კი კორონავირუსის პანდემიით, ასევე Brexit-ით და უკვე დასაქმებული პირების ასაკის მატებით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები