მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლით 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს - ირაკლი ქარქაშაძე

აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე EasyJet-ის და British Airways-ის შემოსვლა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის აღიარებაა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლით 7-8 საათით მცირდება აშშ-სთან ფრენის დროს. საქმე ისაა, რომ British Airways-ის დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე. შესაბამისად, American Airlines-თან პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

„ეს არის სრულიად ახალი სეგმენტი, ახალი ბაზარი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა კამპანიას. ამის გარდა, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლით ფაქტობრივად 7-8 საათით ვამცირებთ აშშ-სთან ფრენის დროს იქიდან გამომდინარე, რომ დღეში 11 ფრენა აქვთ ნიუ-იორკის მიმართულებით, სხვა ქალაქებზე რომ აღარ ვისაუბროთ და უკვე American Airlines-ის საიტზე შესაძლებელია ლონდონის გავლით, ნიუ-იორკი-თბილისის მოძიება, რაც მცირედი, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედს და სურვილს გამოვთქვამ, რომ როგორც ეს მოლაპარაკებები დავასრულეთ წარმატებით, ოდესღაც ასევე გვექნება შესაძლებლობა ამერიკასთან პირდაპირი ფრენების, თუმცა ჯერ აქამდე ადრეა საუბარი“,- თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, EasyJet-თან აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალი მიმართულებების დასამატებლად.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს დაანონსდა, რომ 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ის ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. რაც შეეხება EasyJet-ს, პირდაპირ ფრენებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. EasyJet-ის პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ელი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები