დიდმა ბრიტანეთმა, "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქციათა ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 31 სუბიექტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და გემებს შეეხო.
სანქცირებულთა შორის არიან პირები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებიან საქართველოს დროებით ოკუპირებულ რეგიონებს, მათ შორის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ცხინვალში სექტემბერში გამართულ ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების დაახლოებით 85%-ით გაიმარჯვა.
- სანქციის ზომები: აქტივების გაყინვა, დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვა, სატრასტო მომსახურების შეზღუდვა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქმიანობის აკრძალვა.
- საფუძველი: ბრიტანეთის საგარეო უწყების დასაბუთებით, კამბოლოვი სარგებელს იღებდა რუსეთის ხელისუფლებისგან 2015-2025 წლებში რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე, რუსეთის მთავრობასთან აფილირებულ "კურჩატოვის ინსტიტუტში" დირექტორად/მმართველად მუშაობის გზით.
ალან გაგლოევი - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ექსპრეზიდენტი (2026 წლის სექტემბრამდე) და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი.
- სანქციის ზომები: აქტივების გაყინვა, შესვლის აკრძალვა, სატრასტო მომსახურების შეზღუდვა, ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქმიანობის აკრძალვა.
- საფუძველი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობის გამო, რითაც ის მხარს უჭერდა და სარგებელს იღებდა რუსეთის ხელისუფლებისგან.
სერგეი ტოლმაჩოვი - პოლიტტექნოლოგი; უკრაინის დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონისა და ქალაქ სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. "ვიცე-გუბერნატორი".
- სანქციის ზომები: აქტივების გაყინვა, შესვლის აკრძალვა, სატრასტო შეზღუდვები, ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქმიანობის აკრძალვა.
- საფუძველი: მონაწილეობდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში, მათ შორის ოკუპირებულ სევასტოპოლსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ შექმნილ საოკუპაციო ადმინისტრაციებში ე.წ. ვიცე-გუბერნატორის პოსტებზე მუშაობით.
გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ სტრუქტურებში საქმიანობაში არიან ჩართულნი.
ახალი პაკეტი სულ 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და 8 გემს მოიცავს.
23 სუბიექტს აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების შეზღუდვა და დირექტორად მუშაობის აკრძალვა დაუწესდათ. ფიზიკურ პირებს კი დამატებით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
გემზე გავრცელდება საზღვაო გადაზიდვებისა და სავაჭრო სანქციები. სანქცირებულ გემებს შორის არიან: რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" 3 ხომალდი, 2 დამხმარე გემი, რომლებიც მათ ბუნკერირების მომსახურებას უწევდნენ და რუსეთის მფლობელობაში არსებული ყინულმჭრელი კლასის 3 გემი.
























