მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბრიტანეთის საბჭო" საქართველოში საგანმანათლებლო პროექტებს 25 ათასამდე ფუნტი სტერლინგით დააფინანსებს

ბრიტანული საბჭო
09.06.26 19:55
254

ბრიტანეთის საბჭო - გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების სფეროში - უმაღლესი განათლების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად საგრანტო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 31 პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 25,000 ფუნტ სტერლინგამდეა. პროექტი 15 მონაწილე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განხორციელდება.

საგრანტო პროგრამა "Going Global Partnerships TNE Exploratory Grants" განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მისი მიზანია ერთობლივი პროექტების შემუშავება, რომლებიც ხელს გაერთიანებული სამეფოს ტრანსნაციონალური განათლების (TNE) ხარისხის ამაღლებას უფრო ინკლუზიური გზით შეუწყობს.

დაფინანსების მისაღებად წარდგენილი პროექტები უნდა პასუხობდეს შემდეგი მიმართულებებიდან ერთს ან რამდენიმეს:

  • გაერთიანებული სამეფოს ტრანსნაციონალური განათლებისა (TNE) და მისი გავლენის შესახებ მონაცემებისა და ანალიტიკის გაუმჯობესება;
  • ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და პარტნიორ ქვეყნებში TNE-ის ზრდის მხარდაჭერა;
  • ტრანსნაციონალური განათლების ტრანსფორმაციული ძალისა და მდგრადი განვითარების მიზნებში (SDGs) შეტანილი წვლილის ჩვენება.

საპროექტო განაცხადებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიურობის პრინციპები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალთა და გოგონათა ჩართულობას დაეთმობა. ამასთან, ინიციატივამ გავლენა უნდა მოახდინოს სამი დონიდან (ინსტიტუციური, სტუდენტური ან სისტემური) მინიმუმ ერთ-ერთზე.

წარდგენილი შემოთავაზებები ერთობლივად უნდა შემუშავდეს პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ, ხოლო უშუალოდ განაცხადის წარდგენა გაერთიანებული სამეფოს საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან უნდა მოხდეს.

"Going Global Partnerships TNE Exploratory Grants" წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოს "ტრანსნაციონალური განათლების სტრატეგიის" (Transnational Education Strategy) ნაწილს, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ამოქმედდა და მიზნად ისახავს სტუდენტზე ორიენტირებული და ინკლუზიური ბრიტანული განათლების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 6 ივლისამდე. შესაბამისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები