მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის შესაძლო სანქციები რეპუტაციულად ქართულ ბიზნესს, ნეგატიურ შედეგს უქადის - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვაც კი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ კითხვებს გააჩენს - ამას GEOCASE-ის დამფუძნებელი აცხადებს. "საქმის კურსთან" საუბრისას ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ სანქციებს განგრძობადი ეფექტიც ექნება და დოკუმენტის მიღების შემთხვევაში სავარაუდოდ, ის ინგლისის თანამეგობრობის ქვეყნებზეც გავრცელდება, რაც პრობლემის მასშტაბს კიდევ უფრო ზრდის.

ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი აშშ-ის შემდეგ, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაშიც მოხვდეს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ მომზადებულ დოკუმენტს ხელს ბრიტანეთის თემთა პალატის 14 დეპუტატი აწერს.

“მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის კონკრეტულ პირზე და ინდივიდზე, რა თქმა უნდა, განშტოება ამ საკითხის და შედეგი შეიძლება იყოს გაცილებით დიდი. ეს არის პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციული რისკი. თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, რომ საუბარი არის ბრიტანეთზე, რომელიც მთელი რიგი პარამეტრებით გამოირჩევა მსოფლიო გლობალურ ქსელში საქმიანი ურთიერთობების, ეს არის ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმა ფინანსების მოსაზიდად, ეს არის ის იურისდიქცია, რომლითაც არაერთი ქართული კომპანია შედის მსხვილ საინვესტიციო გარიგებაში მის პარტნიორებთან და უქვემდებარებს ურთიერთობების განხილვას ინგლისურ იურისდიქციას, იქნება ეს სასამართლო განსჯადობის კუთხით თუ მმართველი კანონმდებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს და სხვა საკითხები ფართო კონტექსტში რომ დავინახოთ, ეს რეპუტაციულად ქართულ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო თვითკმარობის ხერხემალია, ნეგატიურ შედეგს უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივა ვიწრო მიმართულებისაა, მაგრამ ვიმეორებ, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ისეთი განუზომელი კატეგორია, რომელიც ციფრებში ხშირად პირდაპირ ვერ გამოიხატება, ეს არის მისი იმიჯი, რეპუტაცია და ყოველი ასეთი ინიციატივა რეპუტაციის მისამართით არის გამიზნული.

ჩვენ მართალია ვსაუბრობთ ბრიტანეთზე და იმაზე, რომ ეს არის ერთ-ერთი წამყვანი იურისდიქცია მსოფლიოში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ბრიტანეთის თანამეგობრობა. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული სამეფოს ფარგლებში, ამას ბრიტანეთის თანამეგობრობის ფარგლებშიც შეიძლება დომინოს ეფექტი მოჰყვეს”, - ამბობს GEOCASE-ის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები