მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს

თემთა პალატა

თემთა პალატის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარმა პარლამენტში გამოსვლისას მთავრობის წარმომადგენელს ჰკითხა მიიწვევენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს დიდ ბრიტანეთში. მან ასევე თქვა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სწორედ სალომე ზურაბიშვილი მიიჩნია.

"ევროპარლამენტმა ახლახან ცნო სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. დემონსტრანტები თბილისში იზიარებენ ამ მოსაზრებას. ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას. განიხილავს მინისტრი ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრას შემდეგში როცა ჩამოვა ის დიდ ბრიტანეთში?" - ჰკითხა მაკკლიარმა სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუდის.

როგორ მაკკლიარი X-ზე წერს, როგორც საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი იწვევს ქართველ ლიდერს, რომელიც აღუდგა რუსულ გავლენას, დიდმა ბრიტანეთმაც იგივე უნდა გააკეთოს.

"დღეს ვუთხარი მთავრობის წარმომადგენელს მოიწვიოს ქალბატონი ზურაბიშვილი. დროა ბრიტანეთმა იმოქმედოს", - წერს ის.

მაკკლიარი ავტორია თემთა პალატაში წარდგენილი წინადადებისა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა მოთხოვნილი. კერძოდ, თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ამ დროისთვის წინადადებას 27 მხარდამჭერი ჰყავს.

"ვაგრძელებთ საქართველოში თანამშრომლობას სხვადასხვა აქტორთან, მათთან ვინც ისწრაფვის ევროატლანტიკური გზისკენ. გავაგრძელებთ ევროპელ პარტნიორებთან ამ საკითხზე მსჯელობას", - თქვა სახელმწიფო მინისტრმა მაკკლიარის საპასუხოდ.

თემთა პალატის წევრის მიერ დასმულ კითხვაზე განიხილავს თუ არა ლეიბორისტების მთავრობა ივანიშვილისთვის აქტივების გაყინვას, რომელიც საკუთარ ქონების დიდ ნაწილს ბრიტანეთსა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ინახავს, სტივენ დაუდიმ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი წინასწარ არ საუბრობს მომავალი სანქციების შესახებ.

"აშშ-თან კოორდინაციით დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს და პოლიციის სამ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას საქართველოში. ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სანქციებზე, რომელიც შეიძლება მომავალში დაწესდეს", - თქვა მინისტრმა.

დიდ ბრიტანეთს შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციები უკვე დაწესებული აქვს. გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები