დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა გააკეთა.
"დღეს ჩვენ ვუერთდებით 150-ზე მეტ ქვეყანას, რომლებმაც აღიარეს პალესტინის სახელმწიფო. ეს ნაბიჯი არის დაპირება პალესტინელი და ისრაელელი ხალხისთვის, რომ უკეთესი მომავალი შესაძლებელია", - განაცხადა სტარმერმა.
პარალელურად, მსგავსი გადაწყვეტილება გამოაცხადა კანადამაც. ეს ქვეყანა გახდა დიდი შვიდეულის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა. პრემიერმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და გთავაზობთ ჩვენს პარტნიორობას როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში“.
კანადის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარა ავსტრალიამაც.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს, ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს.




























