ბრიტანეთმა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანია Lukoil-ი და Rosneft-ი და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 51 ნავთობტანკერი დაასანქცირა, რაც მთავრობამ ენერგეტიკული სანქციების გამკაცრებისა და კრემლის შემოსავლების შემცირების ახალ მცდელობად შეაფასა.
როგორც ბრიტანეთი განმარტავს, Lukoil-ი და Rosneft-ი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კანონის ქვეშ რუსული მთავრობის მხარდაჭერისთვის თავიანთი როლის გამო მოხვდნენ. შესაბამისად, კომპანიებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის უფლებას, ტრანსპორტირების შეზღუდვებს და დიდი ბრიტანეთის ნდობის სერვისების აკრძალვას ექვემდებარებიან.
მთავრობის განცხადებით, ეს ორი კომპანია კრემლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ითვლება და მათი საქმიანობა რუსეთისთვის ეკონომიკური მნიშვნელობისაა: ნავთობკომპანიები სახელმწიფო გადასახადებს იხდიან, რითაც უკრაინაში ომის დაფინანსებას უწყობენ ხელს.
"ვნერგავთ მიზანმიმართულ სანქციებს რუსეთში ორი უდიდესი ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ. ამავდროულად, ვაძლიერებთ ზეწოლას მესამე ქვეყნების, მათ შორის ინდოეთისა და ჩინეთის კომპანიებზე, რომლებიც კვლავაც ხელს უწყობენ რუსული ნავთობის გლობალურ ბაზრებზე გატანას", - განუცხადა მედიას დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს.
რივზის განცხადებით, "რუსეთის ადგილი გლობალურ ბაზრებზე არ არის" და დიდი ბრიტანეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომის დაფინანსება ვეღარ შეძლოს.
ამასთან, სანქციები 51 ნავთობტანკერზეც გავრცელდა, საიდანაც 44 "ჩრდილოვანი ფლოტის" შემადგნელობაშია. სანქციების ქვეშ მოექცნენ ფიზიკური და იურიდიული პირები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკასა და თავდაცვაში.
Rosneft-ი რუსეთის წამყვანი ნავთობმწარმოებელია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი წარმოების 40% მოდის, Lukoil-ი კი სიდიდით მეორეა და კონკურენტებს შორის ყველაზე დიდი საგარეო წარმომადგენლობითაა ცნობილი.
რაც შეეხება "ჩრდილოვან ფლოტს", ეს ძველი ტანკერების ქსელია, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, რუსულ ნავთობზე სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება. ფლოტი სულ უფრო ხშირად ხდება ბრიტანული, ამერიკული და ევროპული სანქციების სამიზნე.




























