დიდი ბრიტანეთის მთავრობა COVID-პასპორტის დანერგვას ისეთ საჯარო თავშეყრის ადგილებისთვის განიხილავს, როგორიც არის ფეხბურთის მატჩები, სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები და გასართობი ცენტრები. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, COVID-სერთიფიკატის შემოღება აცრილ პირებს საშუალებას მისცემს დაესწრონ ფეხბურთის ჩემპიონატებს, დაუბრუნდნენ კინო-თეატრებს და გასართობ ღონისძიებებს.
გამოცემა წერს, რომ ბორის ჯონსონის ინიციატივას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათი განცხადებით, COVID-პასპორტის დანერგვა ადამიანის უფლებებს ზღუდავს და აღნიშნული სერთიფიკატის შემოღება დისკრიმინაციის წინაპირობა გახდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებშიც COVID-პასპორტის დანერგვასთან დაკავშირებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან ვაქცინაციის სერთიფიკატი განიხილება ერთადერთი სწრაფი გზა, როგორც ღონისძიებებზე დასწრების აღდგენის კუთხით, ასევე საერთაშორისო მოგზაურობის დაწყების თვალსაზრისით.